ირაკლი კობახიძე: 2012 წელს საშუალო ხელფასი დაგვხვდა 715 ლარი და უკვე 2000 ლარს გადასცდა ეს მაჩვენებელი - ჩვენი პროგრამული მიზანია, რომ 2028 წელს მივაღწიოთ 3500 ლარს

როცა იზრდება ეკონომიკა, ეს პირდაპირ აისახება ადამიანების შემოსავლებზე. ჩვენ 2012 წელს საშუალო ხელფასი დაგვხვდა 715 ლარი და უკვე 2000 ლარს გადასცდა ეს მაჩვენებელი. ჩვენი პროგრამული მიზანია, რომ 2028 წელს მივაღწიოთ 3500 ლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი იყო მმართველი გუნდის საპროგრამო დაპირება და ოთხ წელიწადში ესეც არის შესაძლებელი.
„ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვაძლევს სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდის საშუალებას. იზრდება კონკრეტული პრივილეგიები, რაც ბიუჯეტიდან გაიცემა ჩვენს თანამოქალაქეებზე. როცა იზრდება ეკონომიკა, ეს პირდაპირ აისახება ადამიანების შემოსავლებზე. ჩვენ 2012 წელს საშუალო ხელფასი დაგვხვდა 715 ლარი და უკვე 2000 ლარს გადასცდა ეს მაჩვენებელი. ჩვენი პროგრამული მიზანია, რომ 2028 წელს მივაღწიოთ 3500 ლარს. თუ შევინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის ამ ტემპს, 3500 ლარი არის აბსოლუტურად რეალური მაჩვნებელი. ხელფასების და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, ეს იყო ჩვენი საპროგრამო დაპირება და ოთხ წელიწადში ესეც არის შესაძლებელი. ეს პირდაპირ მოსახლეობაზე აისახება. როდესაც თქვენ ნახავთ საშემოსავლო გადასახადის სტატისტიკას, ნახავთ, რომ იზრდება პირდაპირ ეკონომიკური ზრდის პროპორციულად, რამდენადაც იზრდება ეკონომიკა, იმდენად იზრდება საშემოსავლო გადასახადი და ეს არის ის საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც იხდის ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე. ეს არის მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად აისახება ეკონომიკის ზრდა ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებზე და კეთილდღეობის ხარისხის ზრდაზე. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გვაქვს უამრავი გამოწვევა, ჯერ კიდევ 2024 წლის მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებელი არის 9,4%, რაც ძალიან ბევრია. საუბარია დაახლოებით 350 000 ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანაა სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში. თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ მუშაობას, ამის გაკეთება არის შესაძლებელი საშუალოვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ - მათ შორის, კორუფციის შემცირება, ახალი პროექტები, ახალი ინვესტიციები - ყველა მიმართულებით გვექნება სერიოზული პროგრესი“, - განაცხადა პრემიერმა.