Loading data...
ირაკლი კირცხალია: ტრაგიკომედიაა, როცა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილის მეხოტბე სხვადასხვა პოლიტიკური დანაყოფი კლანს ახსენებს და კლანურ ბრძოლას გაბრალებს

ტრაგიკომედიაა, როცა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილის მეხოტბე სხვადასხვა პოლიტიკური დანაყოფი კლანს ახსენებს და კლანურ ბრძოლას გაბრალებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

შეკითხვაზე, რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო და რა მექანიზმები არსებობს, რომ ნამდვილად გადააზღვიოს სახელმწიფო უწყებებმა კორუფციის ნიშნები, კირცხალიამ უპასუხა, რომ სახელმწიფო ერთი ორგანიზმია და სახელმწიფოს ყველა ორგანოს ეფექტური მუშაობა არის საწინდარი ამ ყველაფრის გადაზღვევის.

მისივე თქმით, კორუფციის გადაზღვევის პირველი მექანიზმი არის თითოეული უწყების ეფექტური მუშაობა, ვინც ვალდებულია, მსგავსი გადაცდომები გადააზღვიოს.

„ამ ფაქტებთან ასეთი უკომპრომისო მიდგომა, პრევენციული ღონისძიებები, შემდეგ ყველა მიმართულებით იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში ყველა უწყებამ და ყველა მიმართულებამ იმუშაოს გამართულად, იმუშაოს ეფექტურად და იმუშაოს ხარჯეფექტიანად ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა კირცხალიამ.

შეკითხვაზე, ერთი მხრივ, არის თუ არა ეს ისეთი მასშტაბის შემთხვევები, როდესაც მმართველმა გუნდმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იყოს და რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას იმის საპირწონედ, რომ ეს ნამდვილად არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან კორუფციასთან ბრძოლას ოპოზიცია კლანებს შორის ბრძოლას უწოდებს და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან ასეთი შეფასებები ღიმილის მომგვრელია, მაგრამ მათ სხვა გზა არ აქვთ, რადგან ისინი ცნობილი არიან თავიანთი უტიფარი დამოკიდებულებით და უტიფარი განცხადებებით, თუნდაც წუთებში შეცვლილი განცხადებებით, განცხადებიდან განცხადებამდე.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, სწორედ პასუხისმგებლობაა და სწორედ პასუხისმგებლობიანი გუნდის ქცევაა ის, რასაც ვხედავთ დღეს და, რასაც ისინი თავიანთი ძალიან მოკლე ჭკუით, კლანებს შორის ბრძოლას უწოდებენ. ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ როდესაც კლანს ახსენებს, უბრალოდ, ტრაგი-კომედიაა და ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი; ტრაგიკომედიაა, როდესაც სააკაშვილის მეხოტბე სხვადასხვა პოლიტიკური დანაყოფი ზოგადად, კლანს ახსენებს და კლანურ ბრძოლას გაბრალებს“, - განაცხადა კირცხალიამ.