Loading data...
ირაკლი კირცხალია: საზოგადოების ნაწილი შეცდომაში უნდა შეეყვანათ, თითქოს სხვადასხვა იდეოლოგიას წარმოადგენენ, ამ დროს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იდეური შვილები არიან, ეს ცრუ ილუზია მათი პატრონების სცენარში იყო

საზოგადოების რაღაც ნაწილი მაინც უნდა შეეყვანათ შეცდომაში, რომ დაეჯერებინათ, თითქოს სხვადასხვა იდეოლოგიას წარმოადგენენ, ამ დროს კი ისინი არიან ერთი დედა პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იდეური შვილები, ეს დადასტურდა, ზედმეტი მტკიცებაც არ სჭირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათი პატრონების მხრიდან სწორედ სცენარში იყო გაწერილი ეს ცრუ ილუზია, თითქოს სხვადასხვა დანაყოფია და ვითომ სხვადასხვა პარტიას უნდა ესაუბრა სხვადასხვა განცხადებით.

„რაც შეეხება ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას, უკვე მერამდენე გაერთიანების მცდელობა ნახა საზოგადოებამ, ეს უნიჭო სპექტაკლი, სერიალი და ალბათ, ერთ-ერთი სეზონის გაგრძელებაა ახლა გირჩი ჯაფარიძისგან. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, რა შეუძლია და ვისთან შეუძლია. მიიტანოს აგენტურის წუხილი, ეს ძალიან კარგად ვნახეთ და ამაზე ზურა გირჩი ჯაფარიძის შეხსენება არ სჭირდება საზოგადოებას“, - განაცხადა კირცხალიამ.

ამ განცხადებით ირაკლი კირცხალიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციას გაერთიანების, რადგან მას შემდეგ, რაც ზურა გირჩი ჯაფარიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციური ძალები კვლავ გაერთიანდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში კოორდინატორობა ისევ შესთავაზა სალომე ზურაბიშვილს იმის გათვალისწინებით, რომ მას ევროპელებთანაც შეუძლია მიიტანოს ოპოზიციის წუხილი და სათქმელი.

კირცხალიას თქმით, საზოგადოებამ კარგად ნახა, აშშ-ში ჩასული მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატის და ტაივანის ლობისტის და ინტერესების გამტარებლის მორიგი ცრუ დასმენა და პირდაპირ ეთერში ქვეყნის ღალატი.

„ასევე გაგახსენებთ წლების წინ უბრალოდ, პასპორტით ქართველი, ეთნიკურად ქართველი ორი ქვეყნის მოღალატე ჰელსინკის კომისიაზე როგორი უტიფრობით იყო დაკავებული. შემდეგ გააგრძელა სალომე ზურაბიშვილმა. ეს ხომ ერთი ჯგუფია, რომელ ჯგუფსაც თავისი თავი ჰგონია საქართველო? ეს ხომ ერთი ჯგუფია, რომელიც თავის გათითოკაცებულ პარტაქტივს არქმევს სახელს საქართველოს და ჰგონიათ, რომ მათ იქით ქვეყანა არ არსებობს?“, – განაცხადა კირცხალიამ.

ამასთან, კირცხალიამ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ მეორე სტიპენდიატი გერმანიაში იმყოფება.

„კარგად ვხედავთ იმ საქმეს, რომელიც მიმდინარეობს მის მიმართ და კარგად ვხედავთ, რა განაჩენი დადგა სტრასბურგიდან, რამაც ასე ვთქვათ, ერთ საათში საერთაშორისო დონეზე დაამთავრა ეს მათი ბინძური სპეკულაციები.ამ ჯგუფზე გვაქვს საუბარი, აგენტურაზე და ამას საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს“, - განაცხადა კირცხალიამ.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, ოპოზიციას ჰყავს თავისი პრეზიდენტი, ჰყავთ თავიანთი სასულიერო პირი.

„ეს თუ პრეზიდენტია, ამ ბატონს ალბათ, ცოტა ხანში პატრიარქად დასვამენ, აკურთხებენ პატრიარქად ამ ბაბლში. უბრალოდ, შოკის მომგვრელია, როდესაც მართლმადიდებლურ ქვეყანაში უყურებ ადამიანს, რომელიც გეუბნება, რომ წლებია, თურმე არ ულოცია და კურთხევა, ლოცვა ეზარება; ჯვარი მოხსნეს და ალბათ, ჯვრის ტარებაც ეზარებოდა; ცოტა ხანში, დარწმუნებული ვარ, მოგვევლინება ასე ვთქვათ, უწვერო და შემდეგ განგვიცხადებს რომელიმე ეთერში, რომ წვერის ტარებაც თურმე ეზარებოდა. ეს არის მათი რეალური სახე“, - აღნიშნა კირცხალიამ.

მისივე თქმით, საზოგადოება ყველაზე სწორად ხედავს უსამშობლოთა გაერთიანებას თავიანთი ძალიან არასწორი წარსულით და თავიანთი ძალიან არასწორი იდეოლოგიით, რომლებსაც აქვთ ის მომავალი, როგორ აწმყოშიც დღეს იმყოფებიან და როგორი აწმყოც მათ ქართველმა ხალხმა მიუჩინა.