Loading data...
ირაკლი კირცხალია სამანტა პაუერის განცხადებაზე: ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი, მიუხედავად ამისა, ვხედავთ [ტრამპის ადმინისტრაციისგან] დუმილს, გვიჩნდება კითხვა, რა ხდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, რატომ გრძელდება იგივე უსამართლო დამოკიდებულება

„მიუხედავად იმ დიდი სკანდალისა, რაც ვნახეთ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ვნახეთ, რომ USAID-ის საქმიანობა, ფაქტობრივად შეჩერებულია, ყოველ შემთხვევაში 90% პროგრამებისა დახურულია და დახურულია სწორედ, იმ არაპროფილური საქმიანობის გამო, რის თვითმხილებაც ახლა მოვისმინეთ სამანტა პაუერისგან, რომელიც იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და თანხების განმკარგავი USAID-ში, მიუხედავად ამისა, ისინი ჯიუტად მსოფლიო საზოგადოებას თვალში აყრიან კიდევ ერთხელ ნაცარს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, USAID ამტკიცებდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებოდნენ სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, რეალობა კი ის აღმოჩნდა, რომ ეს ყოველივე პროქსი სახელმწიფოებში ხელისუფლების შენარჩუნებას უზრუნველყოფდა, რისი მაგალითიც მოლდოვაა.

„ამტკიცებენ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდა USAID-ის მხრიდან სხვადასხვა ქვეყანაში, ემსახურებოდა სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას და მეორე მხრიდან ვხედავთ პირდაპირ გაშიფრულ სქემას ამ ქალბატონისაგან [სამანტა პაუერი], თუ რეალურად როგორ ხმარდებოდა ის თანხები არაპროფილურად, რეალურად პროქსი სახელმწიფოებში ხელისუფლების შენარჩუნებას, რომლის მაგალითად მოლდოვა ჰყავს მოყვანილი, ან როგორ ხმარდებოდა ეს თანხები არასასურველი ხელისუფლებების ჩამოშორებას, ეს არის პირდაპირი აღიარება“, - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების და ტრამპის ადმინისტრაციის არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით თანხვედრისა, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, თუ რატომ არ იცვლება აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

„როდესაც ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდი იყო აშშ-ში წლებით ადრე ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი, სწორედ მათ ბინძურ ქმედებებზე, მათ არაპროფილურ დაფინანსებებზე და მათ პირდაპირ სურვილზე ჩვენი ქვეყანაც, როგორც მას მაგალითებში ჰყავს მოყვანილი, ქცეულიყო პროქსი სახელმწიფოდ. მაგრამ რას ვხედავთ დღეს? ამ ყველაფრის ფონზე, იმ დიდი სკანდალისა, რაც არასამთავრობოებთან დაკავშირებით მოხდა, იმ მხილების ფონზე, აღიარებას, რასაც პირდაპირ ეთერში ვისმენთ ჩვენ, რას ვხედავთ? - ისევ დუმილს და გვიჩნდება კითხვა, ჩვენ მმართველ გუნდს, საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რომ რა ხდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით და რატომ გრძელდება იგივე უსამართლო დამოკიდებულება, იგივე ბინძური მიდგომები, რატომ გრძელდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით? რატომ არ კეთდება მინიმუმ განცხადება? და ყველაზე მთავარი აშშ-ის საელჩოდან, თუნდაც, არ ვამბობ არაფერს განცხადებაზე, რატომ გვესმის დუმილი? დუმილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში და ამ კონკრეტულ გლობალურ შემთხვევებში, რომლებიც იმართებოდა ამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი ორგანიზაციის მხრიდან, აი ის დუმილი რაც გვესმის საელჩოსგან არის უფრო მრავლისმეტყველი, ვიდრე რაიმე განცხადება? - აი ეს კითხვა გვიჩნდება როგორც მმართველ გუნდს, ისე საზოგადოების დიდ ნაწილს“, - აცხადებს ირაკლი კირცხალია.