Loading data...
ირაკლი კირცხალია: შეკრების მონაწილეები თუ შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა/გეზზე მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ

უმნიშვნელოვანესი ცვლილების „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სპონტანური, არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრების ან მანიფესტაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამის შემდეგ შსს-ს მიენიჭება უფლებამოსილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილი ან სვლა/გეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ ჩატარების ადგილი და სვლა/გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ან ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას.

„სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები თუ შს სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა/გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და მაინც იმ ადგილზე ჩაატარებენ, რითაც შეზღუდავენ ადამიანი უფლებებსა და თავისუფლებას, ასეთი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით“, - აღნიშნა კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები საჭიროა, რადგან დაცული იყოს, როგორც შეკრების მონაწილეების, ასევე, იმ მოქალაქეთა უფლებები, რომლებიც მანიფესტაციაში არ მონაწილეობენ.

„ეს ცვლილებები არის მიღებული, რომ დაცული იქნეს მაქსიმალურად ბალანსი, როგორც შეკრების და გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, ასევე იმ მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვისთვის, რომელიც ცხოვრობს ყოველდღიური ცხოვრებით. ვხედავთ, რომ კონკრეტულად დახელფასებული 300-კაციანი ჯგუფი სხვადასხვა ადგილზე ცდილობს, მაქსიმალურად შეუქმნან დისკომფორტი ჩვენს მოქალაქეებს, იმ უმრავლესობას, რომელიც ცხოვრობს ნორმალური ცხოვრების წესით, მიდის სამსახურში, ბრუნდება და აქვს თავისი ყოველდღიური გეგმები. ამას ასე ვერ დავუშვებთ.

ეს ხდება, რომ რეალურად, ორივე მხარის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული. დაჩქარებულად განვიხილავთ ამ ცვლილებებს. ეს იქნება პასუხი იმ გეგმებთან მიმართებით, რომელიც იხარშება „ენჯეოების“ თავებსა თუ ოფისებში. ფიქრობენ, როგორ შეუქმნას 300 კაცამდე დაფინანსებულმა ჯგუფმა მილიონზე მეტ მოქალაქეს დისკომფორტი“, - განაცხადა კირცხალიამ.