ირაკლი კირცხალია საიას ანგარიშზე: სად მაშინდელი ციხე და სად დღევანდელი, ზოგი მაცივრით რომ გამორბის და ზოგი ტელევიზორით, ის ჰუმანური მიდგომები, რაც არის პენიტენციურ სისტემაში, ამას ანგრევენ, იმ შედეგზე უნდათ ჩრდილის მიყენება, რომელსაც დღეს მივაღწიეთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გადაცემაში „ღამის კურიერში“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის გაგზავნილ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც ციხის პოპულაციის ზრდას ეხება.
კირცხალიას შეფასებით, საიას ანგარიში ქვეყნის და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ცრუ დასმენაა.
„ცრუ დასმენები ყოველთვის გაგრძელდება. სად მაშინდელი ციხე და სად დღევანდელი! სწორედ ამიტომ მიდის მიზანმიმართული შეტევა პენიტენციურ სისტემაში არსებულ დღევანდელ მდგომარეობაზე. ყველამ ვნახეთ ის კადრები, ზოგი მაცივრით რომ გამორბის და ზოგი ტელევიზორით. თურმე ვიღაც ფეხბურთს ვერ უყურებს, სადღაც რამდენიმე დღით წვენს დააგვიანდა... ასეთი პრეტენზიები აქვთ იმ ციხეებთან დაკავშირებით, სადაც ადრე მიცვალებულებს აბამდნენ საკნებში და წამებით, 10-კაციან კარანტინში 70-80 კაცი იდგა.
დღეს ეს ხალხი ე.წ. „დანოსებით“ გამოდის. ისინი ურტყამენ იმას, რაც ჩვენ ვაშენეთ. 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი უფლებებია. სწორედ იმ ჰუმანურ მიდგომებსა და სტანდარტებს ებრძვიან, რაც დღეს პენიტენციურ სისტემაშია და რასაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. სურთ, ნაშენები დაანგრიონ და ჩრდილი მიაყენონ იმ შედეგს, რომელსაც მივაღწიეთ“, - აღნიშნა კირცხალიამ.
მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი მათი ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის გაგრძელება.
„ესეც იმ ანტისახელმწიფოებრივი და არასამთავრობო აგენტური კოალიციის წარმომადგენლების გაგრძელებაა, რომლებიც დღეს ჩაბოდიალდნენ ევროპის რომელიმე ქვეყანაში და ჩაიტანეს ცრუ ანგარიში. აი, ეს თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო, როდესაც იცის, რეალურად აქ რა ხდება. ეს პასუხებიც წინასწარ ხომ ვერ ვიტყვი, რა არის, ხომ?
ბევრი პასუხი და კომენტარი მოგვისმენია ასეთ ჩასვლაზე, თუნდაც ზურაბიშვილების, ხიდაშელის, საბანაძის და ასე შემდეგ - სხვადასხვა ქვეყნის ინტერესის გამტარებელი აგენტების მონაბოდი, რომელიღაც მოღალატეობრივი ტრიბუნიდან, გაურკვეველი სახელებისა და გვარების წინაშე, თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, და შემდეგ აქ მათივე ტელევიზიებიდან ამით დღის წესრიგის შექმნა თვიდან თვემდე თუ კვირიდან კვირამდე. ამის გაგრძელებაა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.