ირაკლი კირცხალია: როგორც კი დაანონსდა, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტზე მუშაობა მიდიოდა, კამპანია ააგორეს მყისიერად, რომ პოტენციური ინვესტორისთვის ბარიერები შეექმნათ
„ჩვენმა ფრაქციამ გადაწყვიტა, რომ ყველა ის კითხვა მოემზადებინა, რაც იყო დაგროვილი ამ [„იგლ ჰილსის“] პროექტის ირგვლივ. ამ ყველაფერს საპარლამენტო უმაღლესი ტრიბუნიდან პრემიერის მხრიდან გაეცა პასუხი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე - ვის სურს ამ უმსხვილესი პროექტის გაშავება, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, დეპუტატმა თქვა, რომ ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან.
„ამის უკან ის ავტორები დგანან, ვინც აქ სცენარებს ამზადებდნენ. სადაც პირდაპირ, ხან ირიბად ხდებოდა მითითება, რომ აკეთეთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად შეუშალოთ ხელი ამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. იმ სცენარების ავტორებმა ქვეყნის გარეთ ძალიან კარგად იციან, რომ ქვეყანას ვერაფერზე ექნება პრეტენზია, თუ ის არ არის ეკონომიკურად მდგრადი. კარგად ნახეს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ხელისუფლებამ ძალიან მკაფიო კურსი აირჩია, რომ სამშვიდობო გზით ვიაროთ. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას და როდესაც ეს კურსი მათთვის მიუღებელი გახდა, ნახეთ, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც მივიღეთ, ყველა ეს აჟიოტაჟი, ყველაფერი მიმდინარეობდა იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას რეპუტაცია შელახვოდა. ერთი მეორის მიყოლებით გამოდიოდნენ, საუბრობდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა შავი ხვრელია, სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებდნენ, თუ როგორ არიდებს ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს თავს. ამ ყველაფრის შემდეგ, დოკუმენტი გასაჯაროვდა, თუ როგორ უნდა გაფიცულიყო ბიზნესი, ყველას გვახსოვს როგორ ზეწოლას ახდენდნენ ბიზნესზე. ბულინგი, დეზინფორმაცია - ყველაფერი აკეთეს, რომ ეკონომიკური წინსვლა შეეფერხებინათ. რამდენიმე თვის წინ, როგორც კი დაანონსდა, რომ ამაზე მუშაობა მიდიოდა, როგორც კი პირველადი ინფორმაცია გავიდა, რომ ეს უპრეცედენტო ინვესტიცია რეალურია, ამ აგენტურის ქილიკი გაიხსენეთ, როგორი კამპანია ააგორეს მყისიერად, რომ ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც შეიძლებოდა პოტენციური ინვესტორი ყოფილიყო, შეექმნათ ბარიერები, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ“, - აღნიშნა კირცხალიამ.