Loading data...
ირაკლი კირცხალია: ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას

„ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ვერ აუხსნიან ქართულ საზოგადოებას, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც  ქვეყანაში ემსახურება დამოუკიდებლობის გამყარებას, ემსახურება დემოკრატიის უკუსვლას.

„დიდი ხანია გავცდით ამ ორმაგი სტანდარტის ცნებას და რეალურად, ბოლო წლებია საქმე გვაქვს საერთოდ უსტანდარტობასთან. არაერთხელ განგვიმარტავს ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენი ე.წ. მეგობრებისთვის, რომ რეალურად, ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სწორ განვითარებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ეს ძალიან კარგად უნდა შეიგნონ ჩვენმა ე.წ. მეგობრებმა.

ინტერპრეტაცია, ილუზიები, ცრუ აღქმების თეორია - ეს არის მათი სცენარი, მათი სამოქმედო გეგმის ნაწილი და ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის.

ასე რომ, ვერ აუხსნიან ქართულ საზოგადოებას, რომ ნებისმიერი კანონი ან ქმედება, რომელიც მათ ქვეყანაში ემსახურება სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გამყარებას, ეკონომიკურ წინსვლას, საქართველოში შესაძლოა ემსახურებოდეს დემოკრატიის უკუსვლას“, - აღნიშნავს კირცხალია.