Loading data...
ირაკლი კირცხალია: მარტა კოსის მიზანია ის, რა მიზანიც მათ ჰქონდათ 2022 წლიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა ქცეულიყო მარიონეტად, ჩვენი სახელმწიფო გამოეყენებინათ „პროქსი“ სახელმწიფოდ

მარტა კოსის მიზანია ის, რა მიზანიც მათ ჰქონდათ 2022 წლიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა ქცეულიყო მარიონეტად, ჩვენი სახელმწიფო გამოეყენებინათ „პროქსი“ სახელმწიფოდ და ჩაერთოთ იმ დამღუპველ ომში, რაშიცაა ჩართული უკრაინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

იგი ევროკომისრის კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომ საქართველოში „ენჯეობის“ დასაფინანსებლად გზებს ეძებენ.

კირცხალიას თქმით, ზემოთ აღნიშნულის შემთხვევაში, საქართველო მხოლოდ „სტატისტიკურ მონაცემებად“ იქცეოდა და მარტა კოსი და მის კოლეგები შეშფოთებული სახით ისაუბრებდნენ მომხდარზე.

„ეს მიდგომები მათ პირდაპირ გამოავლინეს ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - დასძინა კირცხალიამ.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება „ენჯეოების“ დაფინანსების საკითხზე აშშ-ის პოზიციას, დონლდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და კურსი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი.

„დარწმუნებული ვარ, გაეცანით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ წარმოადგინა, რომ მინიმალური ჩარევაა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტში. რა თქმა უნდა, ეს იქნება აცდენილი დღევანდელ ბრიუსელთან და იმ ბიუროკრატიასთან, რომელიც პირდაპირ იმართება არაფორმალური მმართველებით, რომელსაც ე.წ. დიფ სთეითი შეარქვეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აცდენას ვხედავთ“, - აღნიშნა კირცხალიამ.