ირაკლი კირცხალია: ყველა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება გამოიწვია ყველაზე მთავარმა, რამაც გამოიწვია თავის დროზე ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში ყველა იმ კანონის შემოტანა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
„ყველა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება გამოიწვია ერთმა და ყველაზე მთავარმა, რამაც გამოიწვია თავის დროზე ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში ყველა იმ კანონის შემოტანა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას.
ამ თემაზე საუბრისას, კირცხალიამ გაიხსენა 2022 წლიდან საქართველოში განვითარებული მოვლენები, გარე ჩარევები და რევოლუციის 5 მცდელობა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მიერ USAID-ის დახურვის შესახებაც და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ახლა საუბრობს ზუსტად იმას, რასაც საუბრობდა საქართველოს ხელისუფლება.
„ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ძალიან დინამიკურად განვითარდა მოვლენები მსოფლიოში, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. ცენტრი [არასამთავრობო ორგანიზაციების] გადმოვიდა ბრიუსელში. გახსოვთ, რა რეაქცია და მოვლენები მოჰყვა გამჭვირვალობის კანონის პირველ რედაქციას, რა სცენარებმა ნახა დღის შუქი რეალურად სახელმწიფოს სწორი მოქმედებით, თავდაცვის რეჟიმში ვიყავით ამ ბოროტ მანქანასთან. ახლა რას ვხედავთ აშშ-ში? ვხედავთ დახურულ ორგანიზაციებს და ვხედავთ ბრიუსელს და იმ ბიუროკრატიას, რომელიც სრულად დაცლილია იმ ღირებულებებისგან, რაზეც ერთ დროს ევროპა იდგა. ვნახეთ, რომ ამ არარჩეულმა ბიუროკრატიამ და არაფორმალური მმართველობის ხელდასმულმა პოლიტიკოსებმა როგორი რიტორიკა გააგრძელეს ახალი ადმინისტრაციის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა კირცხალიამ.