ირაკლი კირცხალია: ყოველთვის ვამბობდით, რომ თითოეული კანონი, რომელიც ჩნდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
„ყოველთვის ვამბობდით, რომ თითოეული კანონი, რომელიც ჩნდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, მის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში.
კირცხალია დარწმუნებულია, რომ კიდევ ბევრი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც საქართველოს პოზიციებს გაამართლებს.
„ეს ფაქტი და გადაწყვეტილება მიუთითებს ერთადერთს, თურმე როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა ქვეყნისთვის იმ კანონის მიღება, რომელიც მივიღეთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში.