ირაკლი კირცხალია: კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა ნიშნავს, რომ ხელი ნურავის წაუცდება იმ სიბინძურისკენ, მანკიერებისკენ, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო, თავმოყვარე ხელისუფალი ძალიან მკაცრად უდგება
ვერც ერთი თანამდებობა, მათ შორის პოლიტიკური, ვერ იქნება ინდულგენცია, გამოყენებული დანაშაულის დასაფარად და დანაშაულებისგან გასათავისფლებლად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
ირაკლი კირცხალიას გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა, „წლების წინ, თუნდაც წინა ხელისუფლების პირობებში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელი იყო ამავე გუნდის ძალიან მაღალი თანამდებობის პირისთვის წარედგინათ ბრალი ისეთ შესაძლო დანაშაულებში, რაზეც არის საუბარი. ნიშნავს თუ არა ეს ფაქტები, რომ, თქვენი პოლიტიკის მიხედვით, ბრალისა და დანაშაულის არსებობის შემთხვევაში ხელშეუხებელი არავინ არის ?“ რაზეც კირცხალიამ უპასუხა:
„ერთმნიშვნელოვნად. თამამად შემიძლია ეს ვთქვა და განსაკუთრებით ბოლო წლებია, ჩვენს საზოგადოებას ამის მტკიცება ნამდვილად არ სჭირდება. ყველას კარგად გვახსოვს პრემიერ-მინისტრის გეგმები, დასახული მიზნები, როდესაც ჩაიბარა თანამდებობა, რომელიც დღეს უჭირავს საკმაოდ წარმატებულად. ერთ-ერთი მთავარი დაპირება და გეგმა იყო უკომპრომისო ბრძოლა კორუფციასთან. არაერთი გახმაურებული ფაქტი ვიხილეთ, ზოგი შეეხო ყოფილი თანამდებობის პირს, ზოგი – საჯარო მოხელეს. ხშირად ვისმენდით სპეკულაციურ კითხვებსაც. პასუხი ყოველთვის იყო ერთი და მარტივი, რომ ვერც ერთი თაბამდებობა, მათ შორის პოლიტიკური, ვერ იქნება ინდულგენცია, გამოყენებული დანაშაულის დასაფარად და დანაშაულებისგან გასათავისფლებლად“.
კიდევ ერთ კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა კიდევ დაკავებები, კირცხალიამ განაცხადა, რომ ამის პროგნოზის გაკეთება რთულია.
„ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაც მრავლისმეტყველი იყო, ყველანი ვესწრებოდით ყრილობას, ამ ყველაფერს უყურებდა საზოგადოება. გაცხადებული კურსი და მიზანია, რომ ევროპის საუკეთესო სამეულში უნდა მოხვდეს ჩვენი ქვეყანა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებშიც ამ კუთხით უკვე მოწინავე პოზიციებს იკავებს ჩვენი ქვეყანა. კორუფციის პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მთელ მსოფლიოში გამოწვევა. თანამედროვე მსოფლიოსთვის ისტორიულად ეს ყოველთვის იყო გამოწვევა, რასაც სჭირდება ეფექტური ქმედება, მართვა და ეფექტური პასუხი.
ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ. როდესაც ვსაუბრობთ, რომ უკომპრომისო ვიქნებით კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ნიშნავს, რომ ხელი ნურავის წაუცდება იმ სიბინძურისკენ, მანკიერებისკენ, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო და ყველა თავმოყვარე სახელმწიფო, თავმოყვარე ხელისუფალი ძალიან მკაცრად უდგება. რაც შეეხება დაკავებების სერიას, ამაზე ჩემი მხრიდან განცხადების გაკეთება არარელევანტური იქნება.
ყველას კარგად გვახსოვს განცხადებები, რომ მოვუწოდებდით, მაქსიმალურად ეთანამშრომლათ მათ, ვინც შეიძლება, ჩართული ყოფილიყვნენ ამ სქემაში, კორუფციულ აქტში და ესეც იქნებოდა ძალიან სწორად აღქმული, სწორად დაფასებული შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ასე რომ, რთულია პროგნოზის გაკეთება, ანონსი, რა და როგორ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, კარგია, თუ არ იქნება ასეთი ფაქტები. დღევანდელი ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესია.
დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახურები, განსაკუთრებით გენერალური პროკურატურა მაქსიმალურად ინფორმირებულს ამყოფებს საზოგადოებას, მათ შორის ჩვენც, მედიას. დაველოდოთ გამოძიებას. დაფარული ნამდვილად არაფერი დარჩება. ყველაფრის გამოძიება, თუნდაც ასეთი გახმაურებული საქმეები, პოლიტიკური გუნდისთვის, თითოეული უწყებისთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ პირნათლად ასრულებ საზოგადოების დაკვეთას. ამიტომ, ამას უნდა შევხედოთ, როგორც გუნდის ძალიან დიდ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
კითხვაზე, „რატომ გააქტიურდა ეს მოცემულობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნის შემდეგ“, კირცხალიამ განაცხადა:
„პასუხი ერთია, მარტივი და ნათელი. მამუკა მდინარაძე იკავებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თანამდებობას, ეს სამსახური პირდაპირ პასუხს აგებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ვისაც მამუკა მდინარაძესთან შეხება ჰქონია სამსახურებრივი, თუ მეგობრული, ასევე მისი გავლილი ეტაპი გვაძლევდა იმის თამამად თქმის საშუალებას, რომ ამ სამსახურს თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანდა.
ამ ყველაფერს ვხედავთ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შემდეგ, რამდენად ეფექტურად მუშაობს სუს-ი, შსს, გენერალური პროკურატურა. თითოეული ამ უწყების ეფექტური მუშაობა გამორიცხულია და არ არსებობს უწყებათაშორის ჯანსაღი კომუნიკაციის, ურთიერთობის გარეშე. თუნდაც ავიღოთ შსს, ყოველდღე, ყოველკვირა ვხედავთ, რა დონის დანაშაულები იხსნება ნარკოდანაშაულებთან თუ ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებით.
ვხედავთ ძალიან ეფექტურ მუშაობას. თითოეული ამ უწყების სათავეში დგანან ადამიანები, რომელთაც აქვთ გავლილი დიდი, საინტერესო გზა ამ ცხოვრებაში და გამსჭვალული არიან უდიდესი პასუხისმგებლობით თავის ქვეყნის, საქმის მიმართ“.