ირაკლი კირცხალია: კორუფციასთან ბრძოლისთვის ინდულგენცია ვერ იქნება ვერც ყოფილი, ვერც მოქმედი პოლიტიკოსი, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი
„კორუფციასთან ბრძოლისთვის ინდულგენცია ვერ იქნება ვერც ყოფილი, ვერც მოქმედი პოლიტიკოსი, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი - ვერც ჟურნალისტი, ვერც ექიმი, ვერც პოლიციელი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, დააზიანა თუ არა „ქართული ოცნება“ იმ გარემოებამ, როდესაც მმართველი გუნდის ყოფილი ლიდერი და ასევე, ბევრი მაღალჩინოსანი აღმოჩნდნენ საპატიმროში? - კირცხალიამ განაცხადა, რომ არასასიამოვნოა, მაგრამ პირიქით, ეს ვერ იქნება დამაზიანებელი. მისი თქმით, ეს მიუთითებს გუნდის სიძლიერეზე.
„ხშირად ისმებოდა ეს კითხვა, მათ შორის ჩემ მიმართ, ჩემი თანაგუნდელების მიმართ სხვადასხვა ეთერში, არა მხოლოდ ეთერებში, სხვადასხვა კომუნიკაციაში. პირიქით, მეგობრებო, პირიქით, როდესაც გუნდი ამდენი წლის შემდეგ, არის ისეთი ძლიერი და გვაქვს იმ მმართველობის სტილი, ისეთი დემოკრატიული მმართველობის სტილი, სადაც გუნდს ყოველთვის შეუძლია, რომ განახლდეს ძალიან ძლიერად და როდესაც ასეთი გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს გუნდის სიძლიერეზე. ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, იმიტომ, რომ თუ ვამბობთ, ჩვენ თუ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა ნებისმიერი მიმართულებით და, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, როდესაც ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ეს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ჩვენთვის, გუნდისთვის, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით და ვერავის ვერ დავეთანხმები, რომ ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს გუნდისთვის. პირიქით, დამაზიანებელია გუნდისთვის, როდესაც რაღაცას ან ვიღაცას ხელს დააფარებ, ვიღაცისთვის რაღაც ინდულგენცია იქნება და ვიღაცისთვის ეს იქნება კრიმინალი და დანაშაული“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.