ირაკლი კირცხალია: ხშირად გვითქვამს, ევროპაში ევროპაა დასაბრუნებელი იმიტომ, რომ სრულიად აცდენილები არიან იმ ღირებულებებს, იმ ფასეულობებს, რეალურად რაზეც ევროპა იდგა

ხშირად გვითქვამს, ევროპაში ევროპაა დასაბრუნებელი იმიტომ, რომ სრულიად აცდენილები არიან იმ ღირებულებებს, იმ ფასეულობებს, რეალურად რაზეც ევროპა იდგა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, დღეს მოქმედებენ საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეთოდებით, ოღონდ ვხედავთ არა საბჭოთა კავშირს, არამედ ვხედავთ სხვა გაერთიანებას, რასაც ჰქვია დღეს ევროკავშირი.
„დავალებები მოდის ყველა პროქს სახელმწიფოსთან ბრიუსელიდან. ამას ვხედავთ ჩვენ დღეს და ამას ხედავს საზოგადოებაც. ყოველდღე, როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობის გადატვირთვაზე, როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებაზე, ყოველთვის ვახსენებთ, რომ კი ბატონო, ოღონდ ეს უნდა იყოს რაღაც ჩარჩოში, თავმოყვარეობის ჩარჩოში, რაღაც პარიტეტულ პრინციპებზე უნდა იყოს.
შენ რადგან ტერიტორიულად პატარა ქვეყანა ხარ, რადგან, პირობითად ეკონომიკურად არ ხარ გერმანია, შენ ქართველი უნდა დაჩაგრო? ამას ქართველი არასდროს მიიღებს და ამის მიუღებლობაა თითოეული ის გადადგმული ნაბიჯი, გაკეთებული არჩევანი, რომელსაც არჩევნებიდან არჩევნებამდე, წლიდან წლამდე აფიქსირებს და ეუბნება მათ პირდაპირ და ღიად ჩვენი საზოგადოება. ამას ებრძვიან და ვერ მოერევიან ქართველებს ამით.
ქართველის მტკიცე გადაწყვეტილებას, ქართველის თავმოყვარეობას ასე მარტივად ვერ შელახავენ, ვერ შეეხებიან“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.