Loading data...
ირაკლი კირცხალია: გამჭვირვალობის კანონი სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ქარცეცხლში გაგვატარეს

საინტერესოა, რამდენი ხანი დასჭირდებათ, რომ ამ რეკომენდაციის ავტორები რუსებად შერაცხონ, საინტერესოა, რამდენ ხანში მონათლავენ ამ რეკომენდაციას რუსულად, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი Live“ კითხვას - „ანგარიშში, რომლის თანაავტორია მათ შორის ევროპის სახალხო პარტია, არის რეკომენდაცია ევროკომისიის მიმართ, რომ აიკრძალოს ევროკავშირის სახსრების გამოყენება ლობირებისთვის, ასევე, საჯარო გახადოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული ხარჯების შესახებ ინფორმაცია. თქვენი აზრით, საქართველოს მიმართ ისევ დარჩება მოთხოვნა, რომ გამჭვირვალობის კანონი გაუქმდეს?“

მისი თქმით, ბრიუსელის დემოკრატიის პრინციპი მათ შორის გულისხმობს იმას, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება სხვადასხვა ქვეყანაში დასაშვებია, თუმცა არა საქართველოში.

„ჯერ შევხედოთ ეკონომიკას, რომელიც ჩვენთან წლიდან წლამდე იზრდება და მათივე ინსტიტუციები ადასტურებენ ამას. ამ ყველაფრის შემდეგ ვხედავთ, მათთან როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა. განსაკუთრებით ამას გრძნობენ წამყვანი ეკონომიკები ამ კავშირში. ევროკავშირი, პირველ რიგში, ეკონომიკური გაერთიანებაა და ჩვენ ვსვამდით, პირველ რიგში, კითხვას - ვის რად უნდა ევროპაში და ეკონომიკურ გაერთიანებაში მოწყვლადი ქვეყანა? ვნახეთ, რომ გამჭვირვალობის კანონი სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ქარცეცხლში გაგვატარეს. სხვადასხვა კვლევით, ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციაზე ვართ და როდესაც ეს ჯგუფი გამოდის და სასამართლო სისტემაზე მესაუბრება - ელემენტარული სტატისტიკა ამოვიღოთ 2012 წლამდე სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობის, იქიდან ჩამოსული გამამართლებელი, თუ გამამტყუნებელი გადაწყვეტილებების და 2012 წლის შემდეგ დღემდე წასული საჩივრების რაოდენობა შევადაროთ, რამდენი დაბრუნდა დამაკმაყოფილებელი. როდესაც პროკურატურაზე საუბრობენ და ხედავენ სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულზე იმ სტანდარტს, რითაც პროკურატურა მოქმედებს, თუნდაც თავიანთ ბაბლში ენა როგორ უნდა მოუბრუნდეთ. თუ ვინმემ დემოკრატიული პრინციპი დაასამარა თავისი ქმედებებით, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი, რადგან ისინი გვთავაზობენ დემოკრატიის პრინციპს, რომ თურმე უმცირესობამ უმრავლესობაზე უნდა იბატონოს, თურმე გამჭვირვალობის კანონი სხვა ქვეყნებში შეიძლება, მაგრამ საქართველოში არა“, - განაცხადა კირცხალიამ.