Loading data...
ირაკლი კირცხალია: არავის არ გაგვიგია მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია, სიტყვა „მშვიდობიანს“ თუ დავუმატებთ კანონდარღვევას, ვისაც ჰგონია, რომ ეს მისაღებია მოაზროვნე ადამიანისთვის, ძალიან შემცდარა

„არავის არ გაგვიგია მშვიდობიანი დამხობა, არავის არ გაგვიგია მშვიდობიანი რევოლუცია, არავის არ გაგვიგია მშვიდობიანი კაცის კვლა, მშვიდობიანი „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, მშვიდობიანად ადმინისტრაციული შენობის დაწვა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სიტყვა „მშვიდობიანს“ თუ დავუმატებთ რამე კანონდარღვევას და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქმედებას, ვისაც ჰგონია, რომ ეს რამე კუთხით მისაღებია ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ან რამე ნაწილით შეიძლება, ეს იყოს პოლიტიკური ნარატივი რომელიმე პოლიტიკური გუნდის, ამ შემთხვევაში ე.წ. პოლიტიკური გუნდის, ძალიან შემცდარა და ძალიან მოკლე ჭკუით ფიქრობს ალბათ და ვნახეთ შედეგებიც. ვნახეთ შედეგი ადამიანთა მიმართებით, რომლებიც ამას განგრძობადად აკეთებდნენ პირდაპირი ეთერის მეშვეობით და არიან მიცემული კონკრეტულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ვნახეთ შემდეგ რაღაც გარკვეული პერფორმანსები პაატა ბურჭულაძისგან, ანა წითლიძისგან და უამრავი ადამიანისგან, არ მინდა სახელი და გვარები, რაც, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა კირცხალიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რისთვის ემზადება ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრის აქციაზე და რისთვის ემზადება ხელისუფლება, რადგან როგორც პაატა ბურჭულაძე ამბობს, 20:00 საათისთვის ხელისუფლება უნდა იყოს გადაბარებული, „ქართული ოცნება“ კი ხელისუფლების გადაბარებას არ აპირებს, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე გახდა სპიკერი, რომელიც ალბათ თვითონ იბარებს ხელისუფლებას და „20:00 საათზე ცოტა დასვენებულად უნდა იყოს, თორემ ძალიან მნიშვნელოვან ტვირთს იბარებს“.

„ხომ მკითხეთ, ვის რა მოლოდინი აქვს და რომელ ოპოზიციაზეა საუბარი, განულებულ რადიკალურ ძალაზე, რომელიც ველზე ვერ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, ვერც საპარლამენტო არჩევნების წინ ვერ ჩაატარა კამპანია და ადგილობრივი არჩევნების წინ ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. მერობის კანდიდატი ბრიუსელშია და ხვდება ბრიუსელის მერს, ამ დროს კი ორ კვირაში ადგილობრივი არჩევნები გვაქვს და თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელეს ეს ადამიანი; მეორე გერმანიაშია და იქიდან მართავს პროცესებს, არ ვიცი, საერთოდ ჩამოსვლას აპირებს თუ არ აპირებს; რაღაც კომიკურ სიტუაციაში არიან, რა მოლოდინებზეა საუბარი და რა ხელისუფლების გადაბარებაზე? ერთი გერმანიაშია, ერთი ბრიუსელში, მესამე ჯო უილსონს აცოცხლებს აშშ-ში და ამ დროს ველზე პაატა ბურჭულაძე რაღაც განცხადებებს აკეთებს. ეს კომედიაა, სამწუხაროდ, ტრაგიკომედია“, – განაცხადა კირცხალიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, მოისმინა თუ არა ხელისუფლებამ რამე ტიპის განმარტება ბრიტანეთის საელჩოდან გია ბარამიძესთან და გიგა ბოკერიასთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რადგან როგორც გია ბარამიძემ საელჩოში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ ამ შეხვედრაზე მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით ისაუბრეს, ბრიტანეთის ელჩი კი ამ დრომდე დუმს, ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, რომ, გამოყოფილად, რამდენიმე ქვეყნის საელჩოა წარმოდგენილი ამ რადიკალური ქმედებების წახალისების ავანგარდში და ამას უკვე აღარც მალავენ.

„აღარ მალავენ თავიანთ სახეს, თუნდაც ასეთი შეხვედრებით. ასეთი შეხვედრის შემდეგ გამოდის ბარამიძე და პირდაპირ საუბრობს, მშვიდობიან დამხობაზე ვესაუბრეთ დიდი ბრიტანეთის ელჩსო, ელჩი კი შემდეგ არანაირ განცხადებას არ აკეთებს. საზოგადოებას ახსოვს დიპლომატთა მხრიდან შეურაცხმყოფელი ბანერების წინ პოზირება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთან ერთად, წარსულის გააზრებაზე საუბარი, მზია ამაღლობელის პროცესზე თარჯიმნის გარეშე მისვლა ან თუნდაც დაფიქსირება დემონსტრაციულად, ევროკავშირის ელჩის მიერ რეალობას ყოვლად აცდენილი, პირდაპირ ცრუ ილუზიის შემქმნელი განცხადება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ და ამ დეზინფორმაციულმა განცხადებამ პროვოცირება მოახდინა ახალგაზრდების თუ არა, ახალგაზრდების ჯგუფების, ვიდრე ისინი რეალურად მიხვდებოდნენ, ვის გვერდით იდგნენ და ა.შ. ეს არის ის დიპლომატიური მისიები, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ არა მხოლოდ კონვენციის ყოველგვარ წესს და დადგენილებას, არამედ ფეხქვეშ თელავენ საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას, ქართული საზოგადოების ღირსეულ არჩევანს და ღირსებას, როდესაც ასეთ რამეს აკეთებენ. გავიგეთ ეს და ამიტომ, ძალიან მკაფიოდ ვაკეთებთ განცხადებას ყოველგვარი მორიდების გარეშე. იმიტომ, რომ ისინი გადავიდნენ ყოველგვარ ზღვარს“, – განაცხადა კირცხალიამ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა იცის მმართველი გუნდის სტრატეგია და დარწმუნებულია, ამომრჩეველი მობილიზებულად, ისე, როგორც სჩვევია საქართველოს, მივა და კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს აგენტურას, რომელიც ქვეყანაში, ათეულობით წელია, მოქმედებს სხვადასხვა საელჩოს, მათი პატრონების მეშვეობით და არარჩეული ბიუროკრატების სცენარებით.