Loading data...
ირაკლი კირცხალია: არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობოს გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია

„არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, რაც დრო გადის, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ემსგავსება.

„მან თვითონ მიიყვანა თავის თავი ამ მდგომარეობამდე. ისეთი ხელწერით და ისეთი ქრონოლოგიით მიდის, არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი მხრიდან კეთდება ეს განცხადება, მაგრამ თავად ჩაიგდო თავის თავი ამ მდგომარეობაში. რა შეფასებასაც ვაძლევთ, სრულიად ლოგიკური შეფასებაა. მერამდენე წერილია, უკვე აღარც მახსოვს, არც იყო სერიოზული ეს ყველაფერი, მაგრამ ქრონოლოგია და მიმდინარეობა, რაც დრო გადის, იმ ხელწერას ემსგავსება, რომელსაც ვხედავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ანუ რას ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, რომ თურმე მისით ამოდიოდა ქვეყანაში მზე და მისით ჩაესვენა მზე?! ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.