Loading data...
ირაკლი კირცხალია: ამ ქვეყანაში, კანონის წინაშე, ვერ იქნება ინდულგენცია ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე

„როდესაც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია აღქმებზე და აღქმების თეორიაზე საუბრობს, ზოგადად, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისათვის შეფარდებულ პატიმრობებთან დაკავშირებით.

კირცხალიას თქმით, აღქმების თეორია, სპეკულაციები, ბინძური და დესტრუქციული ილუზიების თეორია სწორედ მათი შემუშავებულია და იმ სცენარის ნაწილია, რომელიც საქართველოში წლების წინ არის ჩამოსული.

„განსაკუთრებით გამძაფრდა ამ სცენარის შესრულება ბოლო პერიოდში, ბოლო თვეებში. სწორედ ამ სცენარის ნაწილია თუნდაც ის ქმედებები, პირდაპირ ეთერში ღიად, თავხედურად სილის გაწვნა სახელმწიფოსთვის და სახელმწიფო ინსტიტუციისთვის. ამ ინსტიტუციაში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო ჰქვია და საიდანაც ახლა მე თქვენ გერთვებით, აქ მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება და ასე დემონსტრაციულად შეურაცხყოფის მიყენება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუციისთვის.

როდესაც ვაანონსებდით საგამოძიებო კომისიას, არ არის შორი რეტროსპექტივა ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ და რა იყო პასუხი. პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ სუვერენულ ქვეყანაში მოქმედებს კანონი და ამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ვერ იქნება ინდულგენცია ამ ქვეყანაში კანონის წინაშე ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.