Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ დაფინანსება რევოლუციების მოწყობას ხმარდება, ამის გასაჯაროება არ უნდათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოების“ დაფინანსება ხმარდება ქვეყანაში რევოლუციების მოწყობას, რადიკალიზმის გაღვივებას და ამის გასაჯაროება არ სურთ, როცა ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალობის კანონპროექტს.

ქადაგიშვილის თქმით, მმართველი გუნდი კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აპირებს.

„გამჭვირვალობა, რომელიც, ასე ვთქვათ, დემოკრატიის მთავარი დროშა არის, საქართველოში ეს დროშა მოწყვლადი აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოების“ დაფინანსება ხმარდება სწორედ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობას, რადიკალიზმის გაღვივებას. აქედან გამომდინარე, ამის გასაჯაროება არ უნდათ. აკრიტიკებენ ქვეყანას, რატომ გინდათ, ქვეყანაში პროცესები იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და არჩევნების გზით წყდებოდესო. ეს არის რეალობა, ორმაგი სტანდარტი, რომელიც გამოაშკარავდა. ჩვენ ვაპირებთ კანონპროექტის მესამე მოსმენით უკვე გატანას და მიღებას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.