Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ფორმულაზე: ისინი მიიჩნევენ, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, რომ მაქსიმალურად ცუდისკენ წავიდეს ვითარება, რომ ამ სანქციების მეშვეობით იქნება აქცია გამოუვიდეთ

„ისინი მიიჩნევენ, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, რომ მაქსიმალურად ცუდისკენ წავიდეს ვითარება, რომ ამ სანქციების მეშვეობით იქნება აქცია გამოუვიდეთ“, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ფორმულას, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია და ალტერნატივა“.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, რადიკალების დღის წესრიგი მთლიანად დესტრუქციაზეა აგებული, თუმცა აქციის დასაორგანიზებლად მათ რესურსი არ აქვთ. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ სჭირდებათ მათ ქვეყნის წინააღმდეგ სანქცია გარედან, რომ შიგნით მოაწყონ არეულობა.

„ამ ე.წ. ოპოზიციაში რა ერთიანობაც არის ყველამ კარგად ვნახეთ. სრული აღრევაა და ეს სრული აღრევა მოდის იქიდან, რომ თავის დროზე ამ ადამიანების ჯგუფმა უარი თქვა დემოკრატიულ პროცესზე - არჩევნების შედეგად მიღებული ხმების საპარლამენტო ცხოვრებაში გამოყენებაზე. უარი განაცხადეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და დარჩნენ აქცია-სანქციის იმედად. თუ შევხედავთ იგივე „უილსონების“ და გარე აქტორების ქმედებებს, არის ერთ უნისონში გამოყვანილი უბადრუკი პოლიტიკური ფორმულა. იმიტომ, რომ მათ რასაც ჰქვია დემოკრატიული საქმე, დემოკრატიული ალტერნატივა, რასაც ჰქვია არჩევნები, ხალხის მხარდაჭერა არჩევნებზე, უკეთესის შეთავაზება, ამისგან აბსოლუტურად ცარიელები არიან. არა თუ ინტელექტუალური, უკვე მორალური ძალაც არ გააჩნიათ. ამიტომ მთლიანად გადასული არიან დესტრუქციაზე. მათთვის განმსაზღვრელი არის სანქცია.

მათთვის სანქცია არის ერთ-ერთი წამალი. ეს სანქცია მათ იციან, რომ მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ უნდა განხორციელდეს, ისინი მიიჩნევენ, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, რომ მაქსიმალურად ცუდისკენ წავიდეს ვითარება, რომ ამ სანქციების მეშვეობით იქნება აქცია გამოუვიდეთ. ეს არის ამ აგენტურული შინაარსის მქონე ოპოზიციის მდგომარეობა.

მათი მზაობა არავითარ შემთხვევაში ვერ გადაიზრდება ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში. საკუთარ თავს რომ საბოლოოდ პოლიტიკურ სამარეს უთხრიან ეს უკვე სახეზეა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.