ირაკლი ქადაგიშვილი: ინაუგურაციაზე წასვლის თემით ოპოზიცია სპეკულირებს, რომ აქვთ უფრო მეტი საერთაშორისო წვდომა, ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 200 000-ზე მეტი ადამიანი ესწრება. ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება და მსურველს შეუძლია, დასწრების ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ინაუგურაციაზე წასვლის თემით ოპოზიცია სპეკულირებს, რომ აქვს უფრო მეტი საერთაშორისო წვდომა.
„ჩვენ კი სულ სხვა თემაზე გვაქვს საუბარი, იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს, გამომდინარე მის მიერ დაანონსებული ცვლილებებისა, საერთოდ პოლიტიკაში, გეოპოლიტიკაში, შესაძლებლობა მიეცემა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა თვისობრივად გადაიტვირთოს და საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკა იყოს მნიშვნელოვნად განსხვავებული, ვიდრე ეს იყო წარსული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში.
აქ ეს არის მთავარი. დანარჩენი, ყველაფერი, რითაც დღეს ოპოზიცია სპეკულირებს, არის მეათეხარისხოვანი საკითხი. რა თქმა უნდა, ისინი იქ ისაუბრებენ საქართველოს საწინააღმდეგო საკითხებზე, დასანქცირებაზე და ა.შ. იმიტომ, რომ მათ პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, არ აქვთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.