ირაკლი ქადაგიშვილი: გვეუბნებიან, რომ სასამართლო უნდა დაკომპლექტდეს „ვეტინგით“, ანუ ჩვენ რა ვართ, ნოტარიუსი?
ევროკომისიამ თქვას, 2024 წლის არჩევნები იყო თუ არა შემდგარი? თუ იყო, მაშინ რაც ოპოზიციამ გააკეთა, ანტიდემოკრატიული იყო. ვიდრე ამას არ იტყვიან, მანამდე ისინი იქნებიან ხელისუფლების ანტიდემოკრატიული გზით შეცვლის მომხრე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, რადიკალიზაციის წახალისებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო დამხობისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი არ დაგმეს, ეს არის მათი ერთგვარი პროექტის გაგრძელების მცდელობა.
„ვერ მოუნელებიათ, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა მათი კონტროლის ქვეშ არ არის. ეს მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო არჩევნები მყარი გარანტია არ არის, რომ ვიღაცისთვის სასურველი ხელისუფლება მუდამ იქნება. ამიტომ სასამართლო სჭირდებათ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების საფუძველზე, რომ ესა თუ ის არჩევნები უკანონოა, სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ეს ზღაპარია თუ რეალობა? როგორ ჩატარდა არჩევნები რუმინეთში? გამარჯვებული კანდიდატი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხსნეს და არგუმენტი არ ყოფილა. გვეუბნებიან, საქართველოში ფარული დაფინანსება აკრძალეთო. ანუ, საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ღია უნდა იყოს და ასეც უნდა იყოს, მაგრამ თურმე მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსები ფარული უნდა იყოს. რატომ? რათა ფერადი რევოლუციების დაფინანსების კასკადი არსებობდეს და ეს არ იყოს გამჭვირვალე. გამოსავალი არის სიმართლეში.
ევროკომისიამ თქვას, 2024 წლის არჩევნები იყო თუ არა შემდგარი? თუ იყო, მაშინ რაც ოპოზიციამ გააკეთა, ანტიდემოკრატიული იყო. ვიდრე ამას არ იტყვიან, მანამდე ისინი იქნებიან ხელისუფლების ანტიდემოკრატიული გზით შეცვლის მომხრე. გვეუბნებიან, შეეგუეთ იმას, რომ თქვენი არჩევანი საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, ჩვენი პოზიციაა მთავარიო. გვეუბნებიან, სასამართლო თქვენი კონსტიტუციის მიერ არ უნდა დაკომპლექტდეს, არამედ „ვეტინგით“, რომელიც არასამთავროებით დაკომპლექტდებაო.
ანუ, ჩვენ რა ვართ, ნოტარიუსი? არ შეიძლება, ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ. რომელ დემოკრატიაშია, რომ დაფინანსება გამჭვირვალე არ უნდა იყოს? მთავრობის დონეზე დისკუსიაში არ შემოდიან, ულტიმატუმს გეტყვიან და კარს მოიხურავენ იმ იმედით, რომ საქართველოში დაპირისპირების და არეულობის ახალ ტალღას გამოიწვევენ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.