ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს განცხადება - „თვითნებურად დაკავებულები“ ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო არ არსებობს - თითოეულ ადამიანზე არის სასამართლო პროცესი გამართული, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და თითოეულს ჰქონდა გასაჩივრების საშუალებაც
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის მიერ მომზადებულ, გაფართოების 2026 წლის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით გამოყენებულ ტერმინს „თვითნებურად დაკავებულები“ აფასებს.
ქადაგიშვილის თქმით, ეს ტერმინი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობას ნიშნავს.
„ეს განცხადება - „თვითნებურად დაკავებულები“ ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო არ არსებობს და როგორც ახლა უკრაინაში რომელიღაც შენობაში ხალხი რომ ჰყავდათ დამწყვდეული, ასე იჭერენ ადამიანებს და სადღაც თვითნებურად დამწყვდეული ჰყავთ.
თითოეულ ადამიანზე არის სასამართლო პროცესი გამართული, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე - ევროპაში ბევრგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე გადაწყვეტილებები სასამართლოს გარეშეც დგება ხოლმე. თითოეულზე არის სასამართლო პროცესი შემდგარი და თითოეულს ჰქონდა მათ შორის, ამ სასამართლო პროცესის გასაჩივრების საშუალებაც.
ამიტომ თვითონ ეს ტერმინი ნიშნავს იმას, რომ უპატივცემულობას გამოხატავენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა