Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: კარგია თუ დაინახავენ, რომ შანტაჟი არ არის ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის, გამოსავალი არის ის, რომ ვიყოთ დიალოგის რეჟიმში და არა ულტიმატუმების წაყენების რეჟიმში

„კარგია თუ დაინახავენ, რომ შანტაჟი არ არის ევროპა. შანტაჟი არ არის ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის. რადიკალური ცვლილება სწრაფად არ მოხდება, ამას დრო მოიტანს. აუცილებლობა დაანახვებს ამას“, - განაცხადა  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებზე საუბრისას.

მისი თქმით, გამოსავალი არის დიალოგი და არა ულტიმატუმებისა და მუქარების ენით საუბარი.

„აქ არის ერთადერთი გამოსავალი - დიალოგი. ვიყოთ დიალოგის რეჟიმში და არა ულტიმატუმების წაყენების რეჟიმში. გავარკვიოთ რა გვაქვს ისეთი საკითხი, რაც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. არ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ გამჭვირვალობა არის ანტიევროპული. და რატომ არის გამჭვირვალობა საჭირო?! - იმიტომ, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის განცხადებებიც არის, არა მარტო პრეზიდენტის პოლიტიკური განცხადება, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსებები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლებაზე ზეწოლისა და ცვლილებებისათვის.

ეს ფაქტები ზედაპირზე დევს. არასამთავრობო სექტორთან საქართველო ყველაზე კარგად თანამშრომლობდა, პარლამენტიც. მაგრამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მათი ქმედებები გადასულიყო რევოლუციური და სხვა მიმართულებით. თორემ არც ერთი კომიტეტის სხდომა არ ტარდებოდა არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის გარეშე.

კარგია თუ დაინახავენ ისინი, რომ შანტაჟი - ეს არ არის ევროპა. შანტაჟი - ეს არ არის ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის. რადიკალური ცვლილება სწრაფად არ მოხდება, ამას დრო მოიტანს. აუცილებლობა დაანახვებს ამას. მე საბოლოო ჯამში მაინც ვფიქრობ, რომ როდესაც ეს ომი დამთავრდება და დღის წესრიგში ასეთი აქტუალური აღარ იქნება რუსეთთან რაც შეიძლება მეტი დაპირისპირებული სახელმწიფოსა და კერების აღმოჩენა, ეს ძალიან ბევრ წნეხს მოხსნის. გასაგებია, რომ რუსეთი აგრესორია საქართველოს წინააღმდეგაც და უკრაინაში რაც ხდება. მაგრამ ის, რომ დღეს შენ საქართველოს, რომელსაც არანაირი დაცვითი მექანიზმი არ გააჩნია, ეუბნები, რომ „წადი ამ გამწვავების გზაზე“ - ეს რას ნიშნავს?! შეიძლება დიდ გეოპოლიტიკურ სურათში ვიღაცას ეს გამართლებულად მიაჩნია, მაგრამ ამას შეეწირება საქართველო. საქართველო იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, რომელიც როგორც წესი არის ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ძვირფასი ფასეულობა. მაგრამ დღეს, იმის გამო, რომ ასეთი ვითარებაა, ეს ფასეულობა გვერდზეა გადადებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.