ირაკლი ქადაგიშვილი ესტონეთის ელჩის გადაყვანაზე: ერთი, რაც მათ შეძლეს არის ის, რომ ელჩის რეზიდენცია საქართველოდან გადაიტანეს სომხეთში, ამით მათი პოლიტიკური მიზნების თვითლუსტრაცია მოახდინეს საქართველოს მიმართ
საქართველოში ესტონეთის ელჩი ამიერიდან მუშაობას სომხეთში განაგრძობს. ახალი ელჩის დანიშვნამდე კი, საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ესტონეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია წერს, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 11 თებერვალს ელჩს შეატყობინა, რომ ის საქმიანობას 10 მარტს დაასრულებს და ელჩად სომხეთში გადავა. ქვეყნის საგარეო უწყების ვებგვერდზე წერია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი აღარ არის.
ესტონეთის გადაწყვეტილებას, საქართველოში საკუთარი ელჩო სომხეთში გადაიყვანოს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა.
„სულ მცირე, საქმე გვაქვს იმასთან, რომ ესტონეთის ხელისუფლების პოლიტიკა არის უმწიფარი და ამის ნათელი გამოხატულებაა ის ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს. ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, როცა ხუხულაში ჰყავთ დარეგისტრირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და რითაც აკრძალული გზებით ცდილობენ საქართველოში პოლიტიკური ფულის შემოტანას. ეს ჩვენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვამხილეთ და ერთი, რაც მათ შეძლებს ის არის, რომ ელჩის რეზიდენცია საქართველოდან გადაიტანეს სომხეთში. ამით პრინციპში, მათი პოლიტიკური მიზნების თვითლუსტრაცია მოახდინეს საქართველოს მიმართ“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.