ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს, თითქოს ყველა მშვიდობაზე ლაპარაკობს, მაგრამ საქართველოში არსებულ მშვიდობიან განვითარებასა და შესაძლებლობებს ბევრი ვერ იმჩნევს - მათი პოლიტიკური თავდასხმები დროებითი მოვლენაა
„დღეს ჩვენ ამ ქვეყანაში მშვიდობას ვინარჩუნებთ და სტაბილურობა უზრუნველყოფილია, რაც განვითარების სტაბილურ ვექტორს ნიშნავს“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“.
მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკური ვექტორი უცვლელია, ქვეყანა ცდილობს, გრძელვადიანი ხედვითა და თანმიმდევრული ნაბიჯებით განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდეს, თუმცა ხელისუფლებას ამ ყველაფრის მიღწევა პოლიტიკური თავდასხმების ფონზე უწევს.
„1990-იანი წლების დასაწყისში სწორედ საქართველომ და მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაუხსნა კასპიის აუზისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს ალტერნატიული გზა დასავლეთისკენ, ხოლო დასავლეთს - აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ ამ გზის ერთგულები ვართ და მისგან არ გადაგვიხვევია. ის, რომ დღეს ქვეყანაში მშვიდობას ვინარჩუნებთ და განვითარების სტაბილური ვექტორი უზრუნველყოფილია, სწორედ ამ გრძელვადიანი ხედვისა და პოლიტიკის თანმიმდევრულად გაგრძელების ნათელი მაგალითია.
დღეს თითქოს ყველა მშვიდობაზე ლაპარაკობს, მაგრამ იმ შესაძლებლობას, რაც საქართველოს მშვიდობიან განვითარებას მოაქვს, ბევრი ვერ იმჩნევს და ცდილობს, ეს ქვეყანაზე ერთგვარ პოლიტიკურ თავდასხმაში გადაიყვანოს.
თუმცა, ვიმეორებ, ასეთი ტიპის პოლიტიკური თავდასხმები დროებითი მოვლენაა, რადგან გაზრდილი ეკონომიკური ტვირთბრუნვის პირობებში გეოპოლიტიკასა და სახელმწიფოებს შორის ჯანსაღ კონკურენციას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ სწორედ ამაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.