Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი ჩინეთში ვიზიტზე: ძალიან მნიშვნელოვანია, მმართველ პარტიასთან გვქონდეს ჩამოყალიბებული პოლიტიკური ურთიერთობა - ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობას ეკონომიკის, განათლების თუ ნებისმიერ სხვა სფეროში, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, ჩინეთის სახელმწიფო მოწყობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მმართველ პარტიასთან ჩამოყალიბებული პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდეს, რაც შემდგომში ყველა სხვა სფეროში თანამშრომლობას უწყობს ხელს.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან. ჩინეთის სახელმწიფო მოწყობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მმართველ პარტიასთან ჩამოყალიბებული პოლიტიკური ურთიერთობა გვქონდეს. ეს ხელს უწყობს ყველა იმ ურთიერთობას - ეკონომიკაში, განათლებასა თუ ნებისმიერ სხვა სფეროში, რაც ჩვენი ქვეყნისა და ჩინეთთან თანამშრომლობის ინტერესებში შედის.

ამავდროულად, შეხვედრა გვქონდა პარლამენტში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კრების თავმჯდომარის მოადგილესთან, სადაც საპარლამენტო თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. საინტერესო შეხვედრა გაიმართა ჩინეთის უცხო ენათა შემსწავლელ უნივერსიტეტშიც, სადაც ასი უცხოური ენა ისწავლება. აქ ენასთან ერთად, იმ ერის კულტურას, ისტორიას, სოციალურ ყოფასა და პოლიტიკას სწავლობენ, ანუ ფაქტობრივად, ჩინეთისთვის დიპლომატიურ და სახელმწიფო კადრებს ამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ თოთხმეტი ჩინელი ახალგაზრდა, რომლებიც დღეს უკვე მეორეკურსელები არიან, ქართულ ენას სწავლობს. მათ შეხვედრა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ წარმოდგენით მოგვიწყვეს. გარდა ამისა, შეხვედრები გავმართეთ ახალგაზრდულ და ქალთა ორგანიზაციებთან, ასევე ჩინეთის ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიურ ქალაქ გუანჯოუში, სადაც თანამედროვე ჩინეთის მიღწევები ვნახეთ, როგორც სოციალურ სფეროში, ისე მაღალ ტექნოლოგიებში, რითაც ჩინეთი დღეს ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.