ირაკლი ქადაგიშვილი: არჩევნების შედეგების უარყოფით ოპოზიცია ამომრჩევლის არჩევანს უგულებელყოფს - მათ ყველა არჩევნები უარყო და ყოველ ჯერზე საჭიროა, ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს
„ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო და ყოველ ჯერზე საჭირო არის, რომ ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ვერც კი განმარტავს, კონკრეტულად როგორ მოხდა, მათი მტკიცებით, არჩევნების გაყალბება. მისივე თქმით, არჩევნების არაღიარებით ოპოზიცია ამომრჩევლის არჩევანს უგულებელყოფს და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესს აზიანებს.
„ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო. გასაგებია, რომ მე მაქვს უფლება, რომ რაღაცა უარვყო, მათ შორის, არჩევნების შედეგები. მაგრამ, ყოველ ჯერზე საჭირო არის, რომ ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს. როცა მტკიცებულება არ არის, არგუმენტი არ არის და მეტსაც გეტყვით, ლოგიკური ახსნაც კი არ შეუძლიათ, როგორ ხდება ე.წ. გაყალბება, ლოგიკურად ხომ შეიძლება მოჰყვე მაინც, ან მოდელირება გააკეთო, როგორ ხდება გაყალბება. შეუძლებელია, იმიტომ, რომ ისეთი საკანონმდებლო რეგულაციებია და ადმინისტრირების ხარისხი ისე არის დარეგულირებული, რომ ეს შეუძლებელი არის.
როცა მუდმივად, პერმანენტულად არჩევნები არის შენი მხოლოდ და მხოლოდ საშუალება, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე და როგორც კი ამჩნევ, რომ არჩევნების შედეგებით ვერ მოდიხარ და მაშინვე იწყებ არჩევნების, ანუ დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპის და შენი ამომრჩევლის ნების [შეურაცხყოფას]. ეს შენი ამომრჩევლის პოლიტიკური შეურაცხყოფაა, როდესაც არ აღიარებ არჩევნებს და მათ არჩევანს კიდევ უგულებელყოფ. იმიტომ, რომ ის ხმა, რომელიც შენ ამომრჩეველმა მოგცა, ოპოზიციაშიც გამოსაყენებლად უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასეულია და ჩვენ თუ ვერ ვხედავთ და ვერ ვაფასებთ, რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიციას, მაშინ ე.ი. ვერ ვაფასებთ მთლიანად პოლიტიკურ პროცესს“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.