Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე: სახელმწიფოს მიზანი არ არის ვინმეს მიმართ რეპრესიის გატარება, თუ ადამიანი ხედავს თავის დანაშაულს და ინანიებს მას, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მზად არის შემხვედრი ნაბიჯები გადადგას

„ეს ადამიანები ხვდებიან, რომ მოტყუებულები იყვნენ და ხვდებიან იმასაც, რომ პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებენ“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე, რომელთა ნაწილმაც დანაშაული აღიარა და პროკურორებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარეობს მათი მოთხოვნაც საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფოს მიზანი არ არის ვინმეს მიმართ რეპრესიის გატარება. თუ ადამიანი ხედავს თავის დანაშაულს და ინანიებს მას, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მზად არის შემხვედრი ნაბიჯები გადადგას.

რაღაც პერიოდი მათ ეგონათ, რომ დასავლეთის ის ძალები, რომლებიც მათ ამ გადატრიალებაში უჭერდნენ მხარს, მათ პასუხისმგებლობიდან დაიხსნიდნენ, მაგრამ რომ დაინახეს, რომ ეს არარეალისტური იყო და საქართველოს ხელისუფლება ასეთი ტიპის ზეწოლებს არ ექვემდებარება, გადაწყვიტეს, რომ დანაშაული აღიარონ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის საქმისთვის ბრალდებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს. „ქრონიკამ“ 8 დაკავებულის მიმართვა მოიპოვა.