Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: 4 ოქტომბერი შეიძლება იყოს ბოლო სერია ფერადი რევოლუციების სერიალისა

„4 ოქტომბერი შეიძლება იყოს ბოლო სერია ფერადი რევოლუციების სერიალისა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოქალაქეების უმეტესობას რევოლუციის სურვილი არ აქვს.

„დღეს ქვეყანა შეიძლება 2 გამოკვეთილ ნაწილად დავყოთ. ეს არის - მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი და დანარჩენი საქართველო. რევოლუციას და დამხობას სჭირდება არამარტო კომიკური ფიგურების სურვილი გაბანკროტებული პოლიტიკოსების გულში მჯიღის ცემა, სჭირდება ობიექტური მოცემულობები.

ქართულ საზოგადოებაში ნუ განვიხილავთ მხოლოდ ე.წ. სამოქალაქო სექტორს. საქართველოს მოსახლეობას არანაირი სურვილი არ გააჩნია არათუ რაიმე რევოლუციის, საერთოდ დესტაბილიზაციისა, იქიდან გამომდინარე, რომ ხედავენ, ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ. მათ იციან, რომ ეს არის მშვიდობის, სტაბილურობის დამსახურება და განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას და ნელ-ნელა ყველაფერზე აისახება.

მაგალითად, როდესაც წინასაარჩევნო შეხვედრა მაქვს სოფლად თუ ქალაქად, იქ მოსახლეობა გისმენს და , როდესაც ეუბნები - მე გავაკეთებ ამას - იჯერებს, რამდენიმე წლის წინ უჭირდათ ამის დაჯერებას. მათში რწმენა არის, ყოველი წელი უკეთესი შეიძლება იყოს, ვიდრე წინა. 

აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბერი შეიძლება იყოს ბოლო სერია ფერადი რევოლუციების სერიალისა“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.