Loading data...
ირაკლი ჭეიშვილი პეტერ ფიშერზე: ყველაფერი გააკეთა, რომ გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობა დაზიანებულიყო - პრაქტიკულად ჩვენი ურთიერთობა გაანადგურა

მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას „დღის ქრონიკასთან“ ეხმიანება და აცხადებს, რომ ფიშერმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობა დაზიანებულიყო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იმედოვნებს, რომ გერმანიის ახალი ელჩი საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობას ძველ ნიშნულზე დააბრუნებს.

„გერმანიასთან 30- წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ჩვენ მადლიერები ვართ გერმანიის, ყოველთვის გვერდით გვედგა, როგორც პარტნიორი. ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც ფიშერი საქართველოში ელჩი იყო, ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ურთიერთობა დაზიანებულიყო, მან პრაქტიკულად ჩვენი ურთიერთობა გაანადგურა.

კარგად გვახსოვს ფიშერის განცხადებები, გვახსოვს მისი დუმილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე, გვახსოვს მისი სიძულვილის ენა, რაც ამ 3 წლის განმავლობაში აკეთებდა. ის ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ურთიერთობა გერმანიასთან მხოლოდ აზიანებდა და მან მის საწადელს მიაღწია.

გერმანიის ელჩი საქართველოდან ისე წავიდა, რომ არც პრეზიდენტთან, არც პარლამენტთან და არც პრემიერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა არ ჰქონია.

იმედს გამოვთქვამ, რომ ახალი ელჩის დანიშვნის შემდეგ გერმანიასთან ურთიერთობა გადაიტვირთება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.