Loading data...
ირაკლი ჭეიშვილი: არა მხოლოდ ევროსაბჭოს და ევროკავშირს, მთელს მსოფლიოს ვასწავლით, თუ როგორ უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა გარე ძალებისგან

პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ მზად ვართ გავუწიოთ კონსულტაციები, დავეხმაროთ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. არა მხოლოდ ევროსაბჭოს და ევროკავშირს, მთელს მსოფლიოს ვასწავლით, თუ როგორ უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა გარე ძალებისგან, შავი ფულის შემოდენისგან, როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი კონსტიტუცია, სუვერენიტეტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ევროსაბჭოსგან მიღებულ თხოვნას უცხოურ ჩარევასთან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესახებ ორმაგი სტანდარტის მაგალითად მიიჩნევს.

„თუ ეს რაღაც დოზით დაარეგულირებს ურთიერთობას ჩვენსა და ევროკავშირს შორის, მზად ვართ ამისთვის. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ევროკავშირთან სალაპარაკოდ, მზად ვართ სალაპარაკოდ ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც აქამდე გვაკრიტიკებდა - მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც გადაგვატანინეს ამ 2-3 წლის განმავლობაში. ოღონდ, გვაქვს ჩვენი დათქმები, სტანდარტები. ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ხარჯზე არ ვაპირებთ არცერთ საკითხთან დაკავშირებით საუბარს. მზად ვართ ნებისმიერ დროსა და ფორმატში ვისაუბროთ“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.