იონათამიშვილი: ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი უხერხულია, ოპოზიციას 20%-იანი მხარდაჭერაც არ აქვს
„ტექნიკური მთავრობა ნიშნავს საქართველოში არეულობას, ესკალაციას და პროცესების დაძაბვას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდი წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციას 20%-იანი მხარდაჭერაც არ აქვს.
„საზოგადოებას რჩება შთაბეჭდილება რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თვითონაც არ იციან, რას მოაწერეს ხელი და ეს მხოლოდ მათ უპასუხისმგებლობას და უსამშობლობას უსვამს ხაზს.
მეორეს მხრივ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი ძალიან უხერხულია, მათ 20%-იანი მხარდაჭერაც არ აქვთ.
ხალხი დაასახელებს არა ტექნიკურ მთავრობას, არამედ ლეგიტიმურ მთავრობას და ყველას მოუწევს, ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცეს. შესაბამისად, ამ საუბრებით ისინი საზოგადოებას სამართლიანი, ობიექტური და მტკიცე გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ გაუადვილებენ.
სინამდვილეში, ტექნიკური მთავრობა ნიშნავს საქართველოში არეულობას, ესკალაციას და პროცესების დაძაბვას. ამით საზოგადოებას ეუბნებიან, რომ უნდათ, საქართველოს ძირი გამოუთხარონ, რასაც საზოგადოება არ დაუშვებს“, - აცხადებს იონათამიშვილი.