იონათამიშვილი: მთელ რიგ ქვეყნებში საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა ისჯება გაცილებით უფრო მძიმე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, ვიდრე საქართველოში

„მთელ რიგ ქვეყნებში საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა ისჯება გაცილებით უფრო მძიმე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, ვიდრე საქართველოში“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, ის ადამიანები, ვინც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან არ თანამშრომლობენ, წვლილი მიუძღვით წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულში.
„ვინც არ თანამშრომლობს ამ გამოძიებასთან, [პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან] ისინი არიან ადამიანები, ვისაც გარკვეული წილი მიუძღვის იმ დანაშაულში, რასაც სისტემურად ჩადიოდა ეს პარტია [ნაციონალური მოძრაობა]. კონკრეტული სახელი და გვარები პირადად ჩემთვის და საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან უინტერესო იყოს. ამიტომ, ვინ მივა, ვინ არ მივა, ეს მათი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში და ამიტომ, ეს კითხვები მათ უნდა დაუსვათ.
რაც შეეხება იმ პრეცედენტს, დროებით საგამოძიებო კომისიაში არმისვლაზეა საუბარი, თქვენ იცით, რომ ნებისმიერ საპარლამენტო დემოკრატიაში, დროებითი საგამოძიებო კომისია საპარლამენტო დონეზე არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მექანიზმი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
მთელ რიგ ქვეყნებში, იქნება ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ევროკავშირის სხვა ქვეყანა, საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლა ისჯება გაცილებით უფრო მძიმე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, ვიდრე საქართველოში. ეს ყველამ კარგად იცის. აქედან გამომდინარე, ეს არის უკვე სამართლებრივი პროცესი და პოლიტიკოსები ამაზე გადაწყვეტილებას არ იღებენ. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს მართლმსაჯულება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.