იონათამიშვილი: ჩვენ რომ თუთიყუშის ოპოზიცია გვყავდა, ეს დიდი ხანია, ვიცოდით, მაგრამ BBC-ი თუ თუთიყუშის მედია გახდებოდა, არ გვეგონა - დღეს BBC-ი „ნედის“ დონეზე დასულ ინსტრუმენტად იქცა
ჩვენ რომ თუთიყუშის ოპოზიცია გვყავდა, ეს დიდი ხანია, ვიცოდით, მაგრამ BBC-ი თუ თუთიყუშის მედია გახდებოდა, არ გვეგონა და ეს არის სამწუხარო ფაქტი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, დღეს BBC-ი „ნედის“ დონეზე დასულ ინსტრუმენტად იქცა.
„ზუსტად იდენტური პროცესები მოხდა, როდესაც დონალდ ტრამპისგან BBC-ის სკანდალთან დაკავშირებით გახდა ცნობილი. ჯერ კიდევ 2024 წელს, როდესაც ასევე დოკუმენტური ფილმი მოამზადა BBC-მ, იქ განგებ მოხდა ტრამპის სიტყვების დამახინჯება. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ამერიკაში პრეზიდენტის არჩევნები ტარდებოდა და ამ დოკუმენტურ ფილმს, როგორც ჩანს, თავისი გარკვეული მიზნებიც ჰქონდა, რომ ამ ფალსიფიკაციით გარკვეული გავლენა მოეხდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მას შემდეგ, როდესაც ეს ვერ მოხდა, იძულებული გახდნენ BBC-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გენერალური დირექტორი, გადამდგარიყვნენ, მაგრამ გადადგომა BBC-ის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. აშშ-ის პრეზიდენტი BBC-ის უჩივის კიდეც.
ახლაც ზუსტად ანალოგიური პროცესებია ის, რასაც საქართველოს მაგალითზე ვხედავთ. დოკუმენტური ფილმი წარმოადგენს შეგნებულ ფალსიფიკაციას და მასაც წინასწარ განსაზღვრული, მზაკვრული მიზნები გააჩნია. ვინც ამ BBC-ის ფალსიფიკაციის უკან დგას, მათთვის BBC-ი ისეთივე ინსტრუმენტია, რაც წლების წინ ცალკეული ჯგუფებისთვის იყო „ნედი“, ან „იუესეიდი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.