იონათამიშვილი: ამ დებატებმა პირნათლად აჩვენა ოპოზიციის ორპირობაც და ორმაგი სტანდარტიც, როდესაც ნახეს, რომ საზოგადოება დადგა არა ომის, არამედ მშვიდობის მხარეს, ისინი იძულებულები არიან დაიწყონ ამაზე საუბარი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე „რუსთავი 2-ის“ ეთერში გამართულ დებატებზე საუბრობს.
რატი იონათამიშვილის თქმით, დებატებმა ნათლად აჩვენა ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი.
„ამ დებატებმა პირნათლად აჩვენა ოპოზიციის ორპირობაც და ორმაგი სტანდარტიც. ის, რომ დღეს მათ გადაიწერეს კონსპექტებად მშვიდობის მნიშვნელობა და საუბრობენ ამაზე, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ისინი არ არიან გულწრფელები.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 2022 წელსაც ამაზე ილაპარაკებდნენ. მაგრამ დღეს, როდესაც ნახეს, რომ საზოგადოება დადგა არა ომის, არამედ მშვიდობის მხარეს, ისინი იძულებულები არიან დაიწყონ ამაზე საუბარი.
რა თქმა უნდა, რაც დრო გავა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახავთ მათ ასეთ შეცვლილ რიტორიკას, მაგრამ, რა თქმა უნდა, გულწრფელები არც მერე იქნებიან“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.