Loading data...
„ჰამასი“ მძევლების ცხედრების შეგროვებას იწყებს და მზადაა, თავისი იარაღი პალესტინურ-ეგვიპტურ ძალებს გადასცეს - მედია

„ჰამასი“ საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ პალესტინურ-ეგვიპტური ძალებისთვის საკუთარი იარაღის გადაცემას დასთანხმდა. ამის შესახებ საუდის არაბეთის ტელეარხ „ალ-არაბიას“ „ჰამასის“ წყარომ განუცხადა, თუმცა სხვა წყაროს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

წყაროს ცნობით, „ჰამასის“ მებრძოლებმა ღაზაში დაღუპული მძევლების ცხედრების შეგროვება დაიწყეს და მოითხოვენ, რომ ისრაელმა შეწყვიტოს საჰაერო დარტყმები სამუშაოს დასრულებამდე. 

„ცხედრების გადასვენებას გარკვეული დრო დასჭირდება და აშშ ამ საკითხთან დაკავშირებით მოქნილ პოზიციას იჩენს“, - აცხადებენ წყაროები. 

ინფორმაციისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასს“ ისრაელისთვის ცხედრების გადმოსაცემად მხოლოდ რამდენიმე დღე აქვს. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ „ჰამასი განიარაღდება და ღაზას სექტორი დემილიტარიზებული იქნება“.

ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოხდება ან დიპლომატიური გზით, ტრამპის გეგმის მიხედვით, ან სამხედრო გზით, ისრაელის მიერ.