Loading data...
ჰაკან ფიდანი: სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით, ამ მექანიზმს ჩვენ მივიჩნევთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად

„თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის დროს ვისაუბრეთ სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში და აღვნიშნეთ, რომ ეს თანამშრომლობა არის სტაბილური და კონსტრუქციული“, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა სტამბოლში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით და აღნიშნა, რომ ამ მექანიზმს მიიჩნევენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად.

„თითქმის 14 წელია, ეს მექანიზმი უწყვეტად ფუნქციონირებს. ამ წლების განმავლობაში მან ჩვენს ქვეყნებს მრავალი სარგებელი მოუტანა. პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებიდან დაწყებული, დასრულებული ეკონომიკური ინტეგრაციით, ტრანსპორტით, ენერგეტიკული უსაფრთხოებით, ვაჭრობითა და ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებით. ამ პლატფორმამ საფუძველი მოგვცა ფართო სპექტრის სტრატეგიული ნაბიჯების გადასადგმელად. ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა მხოლოდ სამი ქვეყნის საერთო ინტერესებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ამ მექანიზმს ასევე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი კეთილდღეობის ერთ-ერთ გარანტად მივიჩნევთ. დღესაც დეტალურად განვიხილავთ ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და ვმართავთ კონსულტაციებს რეგიონულ და გლობალურ მოვლენებთან დაკავშირებით.

ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ ერთ-ერთ იმ იშვიათ დროს, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად მიმდინარეობს გეოპოლიტიკური რყევები და გარდატეხები, გაიზარდა ეკონომიკური გაურკვევლობა. ამ კონტექსტში ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ენერგომიწოდება, რომელიც გახდა საკმაოდ ეფექტური და რაც მთავარია, იაფი, გახლავთ მნიშვნელოვანი მიღწევა. ჩვენ არა მხოლოდ ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე ვსაუბრობთ, არამედ უფრო მეტად ვსაუბრობთ იმ ენერგორუსაფრთხოებაზე, რომელიც მოაქვს ჩვენს ძალისხმევას, განსაკუთრებით დაკავშირებადობის თემაზე ევროპასა და აზიას შორის. ვსაუბრობ შუა დერეფნის საკითხზე, რომელიც არის მთელი ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ხერხემალი. უმნიშვნელოვანესი საკითხია განსაკუთრებით რკინიგზა, რომელმაც მიაღწია განსაკუთრებულ ოპერაბელურობას. ახლახან ვიზეიმეთ ამ სრულიად შესანიშნავი, სტრატეგიული მარშრუტის გახსნა. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში და აღვნიშნეთ, რომ ეს თანამშრომლობა არის სტაბილური, კონსტრუქციული. ამჟამად ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია იმ პროექტების განვითარებისთვის, იმ რთული თემებისთვის, რომელსაც ამჟამად საერთო ძალისხმევით ვავითარებთ“, – განაცხადა​ ჰაქან ფიდანმა.

მისივე თქმით, თურქეთი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის განვითარებას.

„ეს თანამშრომლობა ხსნის საკმაოდ საინტერესო ფანჯარას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობისთვისაც და ასეთი სამშვიდობო შეთანხმება ალბათ უახლოეს მომავალში იქნება ჩვენს ორს შორის ხელმოწერილი. სომხეთში განვითარებული მოვლენები, ფაქტობრივად, საკმაოდ ახლოს არის თანამშრომლობაში თურქეთის ინტერესებთან, მშვიდობის განმტკიცება ხდება ამ ურთიერთობის შედეგად. მშვიდობის განმტკიცების კუთხით კონკრეტული შედეგებიც უკვე სახეზეა და ეს ყოველივე, თავის მხრივ, ეკონომიკაზეც უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს მიმართულება შემდგომშიც განვავითაროთ. ამ ჩარჩოს ირგვლივ ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელშიც ჩართულია შეერთებული შტატები. ჩვენ ყველანი ვისურვებთ, რომ ამ რეგიონში მშვიდობა მალე იქნეს მიღწეული.

რასაკვირველია, გვინდა, ირანმაც მიაღწიოს მუდმივ და ხანგრძლივ მშვიდობას. ამგვარ პრინციპულ პერიოდში თურქეთი, მოწოდებულია, გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა. ეს ყველაფერი, მეორე მხრივ, ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. ეს გახლავთ ის აუცილებლობა, რისიც ჩვენ გვჯერა, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს და ამისთვის ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას. ამასთან, აუცილებელია, კარგად გვესმოდეს თვითონ კონფლიქტის არსიც, როდესაც წარვმართავთ დიპლომატიურ პროცესს. მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ საერთო ვითარება და ის ვითარება, რომელიც თითოეული ქვეყნის ინტერესში შედის. ამასთან, აზოვის ზღვის მაგალითი არის საკმაოდ ნიშანდობლივი ამ კუთხით“, – განაცხადა განაცხადა​ ჰაკან ფიდანმა.