Loading data...
გურამ ნიკოლაშვილი: ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი და მას მიჰყავს ეს ქვეყანა განვითარებისკენ. 2026 წელს დღის წესრიგში დებატები იმიტომ დაბრუნდა, რომ ბევრი რამ გაირკვა და თავისი სახელი დაერქვა

„დებატები არ არის პირდაპირ მიმართული ყველაზე რადიკალურ ჯგუფზე. ვიღაცებს რა თქმა უნდა ვერ დააჯერებ. ოპოზიცია არ ადგენს დღის წესრიგს. ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი, რომელიც მიყვება იმ გლობალურ მოვლენებს, რაც მსოფლიოში და ქვეყანაში ვითარდება და მას მიჰყავს ეს ქვეყანა განვითარებისკენ. 2026 წელს იმიტომ გახდა ეს შემოტრიალება საჭირო და დღის წესრიგში იმიტომ დაბრუნდა, რომ ბევრი რამ გაირკვა და ბევრ რამეს თავისი სახელი დაერქვა“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, თბილისის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა „რადიო იმედში“ განაცხადა.

ნიკოლაშვილმა „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაისახა. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარების გზის უზრუნველყოფა აირჩია“.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ იყო ძალიან ზომიერი, სადღაც დათმო, ვიღაცას ელაპარაკა, ყოველ შემთხვევაში სიღრმისეულად ეს გაწყვეტა და ეს კავშირი არც დონორ ორგანიზაციებთან, არც უცხო ქვეყნის დიპლომატებთან, წარმომადგენლებთან არ ყოფილა ასეთი. იყო შეუთანხმებლობა, პრობლემა, მაგრამ მაინც ერთობლივად პროცესი მიდიოდა. გახსოვთ იყო შარლ მიშელის პროცესი, როგორ იყო „ქართული ოცნება“ ჩართული, ხელს აწერდა რაღაც მემორანდუმებს და ასე შემდეგ. ანუ, 2020-2021 წლებმა ამ ნიშნით გაიარა, მაგრამ მერე ხდება მთავარი რამ, რაც ცვლის მთლიანად მთელ სამყაროს, მთელ უსაფრთხოების არქიტექტურას, გეოპოლიტიკას და ასე შემდეგ - ეს არის 2022 წლის 24 თებერვალი. ომის დაწყებამდე პერიოდი ვისაც კარგად ახსოვს, დაახლოებით ექსპერტების 95% იძახდა, რომ ომი არ იქნება, მაგრამ ეს მოხდა და როგორც კი ეს მოხდა სამყარო უკვე შეიცვალა იმიტომ, რომ რუსეთი შევიდა ისეთ ომში, საიდანაც უკან ვეღარ გამოვიდოდა.

ჩვენ ვხედავთ უკვე ოთხწლიან ომს და თავისი ხანგრძლივობით მან გადააჭარბა დიდი სამამულო ომის ხანგრძლივობას. შეიძლება მალე გადააჭარბოს მთლიანად მეორე მსოფლიო ომის ხანგრძლივობას. ამიტომ „ქართული ოცნება“ იმიტომ რომ იყო ხელისუფლებაში, იმიტომ რომ მას ჰქონდა ძალიან მჭიდრო კავშირები დიპლომატებთან, მან იცოდა მონეტის მეორე მხარე, რა ხდება, რა პროცესი მიდის, საიდან ვინ როგორ არყევს. მე ვიტყოდი, ამას გააჩნდა თავის წინაპირობა, რატომაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ახლა ეს სამყარო შეიცვალა, ძალიან საშიში გახდა და ნომერი ერთი ამოცანა ეს არის უსაფრთხოება და ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა, მით უმეტეს ძალიან მწარედ გვახსოვს სულ რაღაც გუშინ სხვადასხვა აქტიურმა და პოლიტიკურმა თამაშებმა რა შედეგი მოგვიტანა. ამიტომ თქვა, რომ ახლა არის სიფრთხილის დრო იმიტომ, რომ ამხელა მასშტაბის ომი არ ყოფილა და მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლის შემდეგ ეს სამყარო მთლიანად შეიცვალა“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.