Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები მიზანმიმართული გეგმის ნაწილია - მათ, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე, ევროკავშირში გაწევრიანება სურთ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აფხაზეთთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიორგი ბარამიძის განცხადებებს ეხმიანება.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა და რადიკალურ ჯგუფებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე, ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.

„აფხაზეთთან დაკავშირებით სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები არ არის პროვოკაცია, ეს ჩვეულებრივი მიზანმიმართული გეგმაა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ჰქონდათ.

ლოგიკას რომ მივყვეთ, რაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა - აფხაზეთთან ჩვენ ვერ შევრიგდებით, ეს ფაქტია და ამას ვერაფერი შეცვლისო, იგივე გაიმეორა ბარამიძემაც, ოღონდ უფრო რთული ფორმით. გვარამიამ საერთოდ ამ „მენტალური ტვირთისგან“ გათავისუფლებისკენ მოგვიწოდა, რადგან, სხვა შემთხვევაში, წინ ვერ წავალთო.

ასეთი რიტორიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა - ამ რადიკალურ ჯგუფებს სურთ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ყოველგვარი უფლებებისა და სუვერენიტეტის გარეშე, მუნიციპალიტეტის დონეზე.

მოლდოვის მსგავსად, რომელიც რუმინეთს იმიტომ შეუერთდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებულიყო.

ნატო გვინდა იმიტომ, რომ არ დავკარგოთ ტერიტორიები, მაგრამ ამ კავშირში გაწევრიანების საფასური თუ საკუთარი მიწების დაკარგვაა, მაშინ სად არის ლოგიკა?!

ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია] მენტალურად მონები არიან. ევროკავშირი მათთვის წმიდათაწმიდაა, ხოლო ევრობიუროკრატებისგან წამოსული ნებისმიერი მოთხოვნა - წმინდა გზავნილი.

კიდევ უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, 2008 წლის ომი სააკაშვილმა, მისი თქმით, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით დაიწყო.

თუკი სააკაშვილი ამტკიცებს იმას, რომ მას უნდა დაეცვა საკუთარი ტერიტორია, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ აფხაზებთან შერიგება წარმოუდგენელია (მაშინაც და ახლაც), აქ ისმის კითხვა - რატომ წამოიწყო ეს პროცესები კონსტიტუციური წესრიგის დამყარების საფარქვეშ, ან როგორ აპირებდა ამის განხორციელებას - აფხაზების ჩახოცვის ხარჯზე?

შესაბამისად, ეს ადამიანები - სააკაშვილიც, გვარამიაც და ბარამიძეც - ასეთი განცხადებებით საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან. აქ არაფერ შუაშია წამოცდენა, ისინი ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.