Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს, თორემ პოლიტიკური სვავებივით არიან „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები - ოღონდ კი რამეს ჩაეჭიდონ, რომ აქ არეულობა მოხდეს

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოკითხვები გრძელდება. დღეს სამართალდამცველების კითხვებს გიორგი ლილუაშვილი უპასუხებს.

საქმეზე უკვე გამოიკითხა 9 პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და გია ხუხაშვილი. ყველა მათგანი აცხადებს, რომ ჯორბენაძის საქმეს არ იცნობს და მომხდარის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყო.

აღნიშნულ თემას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, როდესაც საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკან დაიხიეს.

„თავად ეს პროცესი, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი. ის ფაქტი, რომ ასეთ სენსიტიურ, თვითმკვლელობის თემას იყენებ რაღაც პროცესებისთვის, უკვე ცუდია და კიდევ უფრო ცუდია ის, რომ წერილის გამოქვეყნების შემდეგ ამას აჰყვა „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები.

გაჩნდა კითხვები და ამ დროს ყველამ უკან დაიხია, განაცხადეს, რომ არავინ არაფერი იცოდა. თუ არაფერი იცი, შენ დალოცვილო, მაშინ რა განცხადებებს აკეთებ? როდესაც გარკვეულ ფაქტზე აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს, თორემ ჩვენ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური სვავებივით არიან „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, ოღონდ კი რამეს ჩაეჭიდონ, რომ არეულობა მოხდეს.

ამიტომ, ბუნებრივია, ისეთი ფაქტი, სადაც მტკიცებულება არ არის, არ უნდა გამოაქვეყნო“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.