Loading data...
გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი შენსავე ამომრჩეველს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს თუ ლიდერებს, რომ ციხეში გაგინებენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის ციხეში მიმდინარე დაპირისპირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ორგანიზაცია აღარ არის.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ თანაგუნდელების მხრიდან გამოხატული აგრესია მისივე ქმედებების შედეგია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის პარტიის ასაკრძალად დამატებითი მტკიცებულებაა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რომ რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი შენსავე ამომრჩეველს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს თუ ლიდერებს, თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში გაგინებენ. ამაზეც ხომ უნდა დაფიქრდე, იმიტომ, რომ როდესაც სააკაშვილს თავი მიაჩნია ფარაონად, ანუ რელიგიის ხელმძღვანელიც ის არის, სახელმწიფოში მეფეც ის არის და ყველაფერი, ამიტომ არის ზუსტად, რომ „ნაცმოძრაობას“ და მის ფილიალებს ეს ბუნება შეექმნათ.

ის, რომ სააკაშვილი აგინებს თავის ლიდერებს, თავმჯდომარეებს, არსებულ თავმჯდომარეს ერთი ხელის დაწკაპუნებით გადააყენებს, მეორე უნდა რომ დააყენოს; ასევე, ყოფილი თავმჯდომარე აგინებს სააკაშვილს და თან მიზეზს არ ეუბნება - ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“, უკვე დიდი ხანია, აღარ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგი მტკიცებულებები აქვს იმისათვის, რომ რაც შეიძლება დროზე ჩამოსცილდეს ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ორგანიზაცია ქართულ პოლიტიკას“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.