გურამ მაჭარაშვილი ლევან ხაბეიშვილზე: თვითონ რომ გარეთ იყო, რატომ არ გამოჰყავდა ასიათასობით ადამიანი?!
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციის მიმართ მწვავე კრიტიკას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, საზოგადოებამ უკვე ბევრჯერ დაინახა ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციის სახე.
„ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო, აბა ახლა ასე, არც 100 000-ის და არც 10 000-ის გამოყვანის თავი რომ არა აქვს ე.წ. ვითომ პოლიტიკურ პარტიებს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების სახით, ეს საზოგადოებამ უკვე დაინახა. ხაბეიშვილი რომ საყვედურობს, ეს პრინციპში რეალურია, მაგრამ თვითონ რომ გარეთ იყო, რატომ არ გამოჰყავდა ასიათასობით ადამიანი?! - ძალიან კარგად გვახსოვს, გარეთაც იყო, მაგრამ პოლიციელებს ებრძოდა მარტო და რადიკალურ აქციებში მონაწილეობდა.
მუხლზე რომ დაიჩოქა და თქვა, რომ ცხენზე ამხედრებული შევარდები და სააკაშვილს გამოვიხსნიო - რატომ ვერ გააკეთა? მათივე ამომრჩეველმა დაინახა სიმართლე, რომ ეს ხალხი თურმე იკვებება უცხოეთიდან თანხებით, მერე აქ ახალგაზრდებს აჭერინებენ და თვითონ უცხოეთში ისვენებენ. ციხე შიგნიდან გატეხეს თვითონ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ. ყველაფერი დაამსხვრიეს ამ ქვეყანაში და საზოგადოება აღარ დაუჭერდა მხარს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.