Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ახლა პოლონეთში ხდება, პირდაპირი გაგებით სასამართლო ხელისუფლების ჩვეულებრივი უზურპაციაა - „დიფ სთეითმა“ უარყო ყველა ის ღირებულება, რის საფუძველზეც შეიქმნა ევროკავშირი

ევროკავშირის და ზოგადად ევროპის ქვეყნებში შექმნილ კრიზისზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის, რაც ევროპაში ხდება, ევროპული ღირებულებებისაგან გადახვევის შედეგია, რაშიც მთავარი როლი „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა ევრობიუროკრატიამ შეასრულა.

გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ ევროპული კრიზისის შესახებ ქართულმა მხარემ არაერთგზის გააკეთა განცხადება და ამას მოწმობს „ხალხის ძალის“ მიერ წლების წინ გამოქვეყნებული წერილებიც.

„ის, რაც ახლა პოლონეთში ხდება, პირდაპირი გაგებით სასამართლო ხელისუფლების ჩვეულებრივი უზურპაციაა. როდესაც ევრობიუროკრატები საუბრობენ მართლმსაჯულებაზე, მოსამართლის დამოუკიდებლობასა და დემოკრატიაზე, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის იმასთან დაკავშირებით, რაც მის სამშობლოში ხდება. ახლა ჩვენ რა შინაარსის განცხადებები უნდა გავაკეთოთ? უნდა განვაცხადოთ, რომ პოლონეთის დემოკრატიას შავი დღე გაუთენდა, თუ ის, რომ საფრანგეთის დემოკრატიას შავი დღეები დაუდგა?“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა ევროკავშირის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიზისის შესახებ ქართული მხარე დიდი ხანია, საუბრობს.

„ევროკავშირის შიგნით დაპირისპირებაა და ეს ჩვენ შემდეგ იწინასწარმეტყველა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ტრამპმა ეს საკითხი დაინახა, აღარ დამალა და პირდაპირ ისაუბრა იმ პრობლემისა და ბზარის შესახებ, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში გაჩნდა. მას ეს რომ დაემალა, ევროკავშირში არსებული პრობლემებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება თავად მოუწევდა. ამ გაგებით ტრამპმა სწორი გათვლა გააკეთა. ჩვენც არაერთხელ გაგვიკეთებია მსგავსი განცხადებები. „ხალხის ძალის“ განცხადებები და წერილები შენახულია და ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვნახოთ. როდესაც საქართველოს ხელისუფლებაზე ძლიერი ზეწოლა ხორციელდებოდა, „ხალხის ძალა“ ვამბობდით, რომ ეს ორმაგი სტანდარტი იყო და რომ ევროპამ გადაუხვია იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც ევროკავშირი შეიქმნა. ეს არის ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ღირებულებები - ოჯახი, სუვერენიტეტი, დემოკრატია, პარტნიორობა, ურთიერთპატივისცემა და კანონის უზენაესობა. ამ ყველაფერზე ევროპამ უარი თქვა და შესაბამისი რეზოლუციებიც არსებობს, რომლებიც ევროპარლამენტს მიაღებინეს. მეტი როგორღა შეიძლება იმის დამტკიცება, რომ ევროპამ საკუთარ ღირებულებებს გადაუხვია? ჩვენ გვეუბნებოდნენ: უარი თქვით ტრადიციულ ოჯახზე და ლგბტ პროპაგანდა დააფინანსეთ; უარი თქვით სუვერენიტეტზე და პირდაპირ ჩვენ გადმოგვეცით თქვენი სუვერენიტეტის გასაღები; ჩვენ გადავწყვეტთ, თქვენ რა კანონი უნდა მიიღოთ და რა - არა. გვთავაზობდნენ ადგილობრივი მოსამართლეების უცხოეთიდან დანიშვნას; ისიც ცხადი გახდა, რომ აქციებს აფინანსებდნენ; გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ კი ვნახეთ, რა დღეში ჩავარდნენ და ა.შ. რეალურად, ყველა ის ღირებულება, რომელთა საფუძველზეც ევროკავშირი შეიქმნა, „დიფ სთეითმა“ პრაქტიკულად უარყო და ეს, პირველ რიგში, ევროპისა და ევროკავშირისთვისაა ცუდი. ყოველივე ამის ცუდ შედეგს ჩვენ ყველანი ერთად ვხედავთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.