გურამ მაჭარაშვილი გვარამიას განცხადებაზე: მუქარა მათი სტილია, ეს არის პროევროპული პარტია? რომლის ლიდერებიც ერთმანეთს აგინებენ, ჭამენ და, ძალაუფლების არქონის დროსაც კი, საზოგადოებას ემუქრებიან?
ნიკა გვარამიას მხრიდან ნინო წილოსანის მიმართ გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, მუქარა ამ ადამიანების სტილია და ამას არც მალავენ.
„მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ამ ადამიანების სტილია და ეს არც დაუმალავთ, სხვათა შორის. აი, ამიტომ არის კითხვის ნიშნები ახლა იმ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ გვარამიას, სააკაშვილს, ბარამიძეს, აი, ასეთ ადამიანებს და მათ პარტიებს როგორ შეიძლება მხარი დაუჭირო, რომლებიც გაცხადებულად, წინასწარვე აანონსებენ იმას, რომ ემუქრებიან საზოგადოებას. აანონსებენ იმას, რომ ვიღაცას დაიჭერენ, ვიღაცას ჩამოახრჩობენ, დახვრეტენ, მათ შორის ძალადობრივ აქციებზეც ხომ გვახსოვს. არა მარტო აქციებზე, გვარამია ახლაც პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანებს პირდაპირ დაიჭერს. მუქარა მათი სტილია, ზოგადად. ეს არის პროევროპული პარტია? ანუ ის პარტია არის თურმე პროევროპული, ევროპული ღირებულებების მქონე პარტია, რომლის ლიდერები ერთმანეთს აგინებენ, ჭამენ ერთმანეთს და ემუქრებიან საზოგადოებას, ჯერ რომ არაფერი ძალაუფლება არა აქვთ ისე?“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.