გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატების მიერ გაჟღერებულ განცხადებებსა და მოახლოებულ გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ მოსალოდნელ ჩანაწერს მედიასთან ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, წარმოუდგენელია ისეთ ალიანსში ყოფნა, სადაც გადაწყვეტილებებს ქვეყნის შესახებ, გარე პირები, ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე იღებენ.
მისი განმარტებით, სწორედ ამას არ უშვებს საქართველოს ხელისუფლება და სწორედ ამიტომ აქვთ ევრობიუროკრატებს უთანხმოება საქართველოსთან.
„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირების მიერ სერიოზულად არის დაყენებული საკითხი, რომ სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად კავშირის 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 15-ის ხმა იქნება საკმარისი, დანარჩენ ქვეყნებს კი ვეტოს უფლებაც არ ექნებათ. ეს ხომ არარეალურია და არ მგონია, ვინმეს ასეთ კავშირში ყოფნა უნდოდეს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება, მისი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის, მიგრაციისა და ეთნიკური პოლიტიკის საკითხები ევროკავშირის დირექტივებით გადაწყდება ისე, რომ საქართველოს აზრს არავინ ჰკითხავს. გამოვიდეს ახლა ვინმე ქართველი ულტრალიბერალი და ხმამაღლა განაცხადოს, რომ ასეთ კავშირში ყოფნას მიესალმება. ისეთ კავშირში, სადაც მისი ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ. ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არამცთუ გაფართოება, არამედ თავად ევროკავშირის პოლიტიკური ხედვაც იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ქვეყნებს ეკონომიკური პრობლემები აქვთ. მათ უთანხმოება აქვთ ძირითად პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან; ასევე, პრობლემებია ევროპის დედაქალაქებში და კომენდანტის საათიც კი დაწესდა, თუმცა ისინი მაინც ვერ არეგულირებენ პროცესებს, ანუ აქციებს. საქართველოს ხელისუფლებასთან ევრობიუროკრატებს უთანხმოება აქვთ იმიტომ, რომ ჩვენ გაცხადებული პოზიცია გაქვს - ჩვენ ვიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს და ვმოქმედებთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.