გურამ მაჭარაშვილი: ბრიუსელში არსებულ „დიფ სთეითს“ სურს შუა დერეფანი საქართველოდან აკონტროლოს, ამიტომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში თავისი აგენტურის დაბრუნებას ცდილობს

„დღევანდელ ბიუროკრატიას ევროკავშირში ერთადერთი მიზანი აქვს - საქართველოს ხელისუფლებაში თავისი აგენტურა ჰყავდეს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელში არსებულ „დიფ სთეითს“ სურს შუა დერეფანი საქართველოდან აკონტროლოს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებაში თავისი აგენტურის დაბრუნებას ცდილობს.
„ევროკავშირის ბიუროკრატიამ ძალიან კარგად იცის, რომ შუა დერეფნის გარეშე, რომელიც საქართველოზეც გადის, სავაჭრო ურთიერთობების არსებობა წარმოუდგენელია. მაგრამ, „დიფ სთეითს“, რომელიც აქამდე აშშ-სა და ბრიუსელში იყო გაბატონებული, ახლა კი ვაშინგტონში შეიზღუდნენ და დარჩნენ მხოლოდ ბრიუსელში, სურს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამ დერეფანში ეკონომიკური თვალსაზრისით მონაწილეობას მიიღებს, ურთიერთობდეს არა ეროვნულ ხელისუფლებასთან, საქართველოს სახით, არამედ - ბრიუსელთან, ან -ვაშინგტონთან.
აბსოლუტურად ნათლად ჩანს, რომ ბრიუსელში სურთ, ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა: ჩინეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ასევე ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ამ შუა დერეფნით ისარგებლებენ, სადაც საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკვანძო ქვეყანაა და რომელსაც ეროვნული ხელისუფლება ჰყავს, [ურთიერთობა იქონიონ არა ასეთ სუვერენულ სახელმწიფოსთან, არამედ, მართვად ქვეყანასთან, რომელსაც მათი აგენტურა ეყოლება მთავრობაში].
შესაბამისად, გამოვა, რომ იმ ქვეყნებს ბრიუსელთან ექნებათ ურთიერთობა და მოგებასაც ბრიუსელი მიიღებს. ბრიუსელის ბიუროკრატია მიიჩნევს, რომ საქართველო გეოგრაფიულად და პოლიტიკურად გამოსაყენებელი ქვეყანაა და გადაწყვეტილებები აქ არა ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, რომელიც ომში არ ერთვება და ა.შ., არამედ - [მათმა აგენტურამ]“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.