გურამ მაჭარაშვილი: ბიზნესი უნდა განვითარდეს, მაგრამ მისი მოგება და მოგების მარჟა არ უნდა იყოს ისე უსინდისოდ მაღალი, რომ ეს საზოგადოებას დააწვეს
„რა თქმა უნდა, ბიზნესი უნდა განვითარდეს, მაგრამ, მისი მოგება და მოგების მარჟა არ უნდა იყოს ისე უსინდისოდ მაღალი, რომ ეს საზოგადოებას დააწვეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი საუბრობს და სურსათის ფასებთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივით შექმნილი კომისიის მუშაობის დაწყებას ეხმიანება.
„მიზანი არის ის, რომ ფასების რეგულაციები მოხდეს საქართველოში. არა მარტო სურსათზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ უწყებამ გააფართოვა არეალი ფასების რეგულაციების და ეს შეეხება სამომავლოდ მედიკამენტების ფასებსაც, საწვავის ფასებსაც. მიზანი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესი უნდა განვითარდეს, მაგრამ, მისი მოგება და მოგების მარჟა არ უნდა იყოს ისე უსინდისოდ მაღალი, რომ ეს საზოგადოებას დააწვეს. ეს არის მოცემულობა და სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვხედავთ ფასებთან დაკავშირებით და ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ამ უწყებასთან ერთად, როგორც კი დაიწყება საგაზაფხულო სესია, საქართველოს პარლამენტში შეიქმნება შესაბამისი საგამოძიებო კომისია ამ მიმართულებით“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
სურსათის ფასებზე შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა უკვე გაიმართა.
საკოორდინაციო კომისია დასკვნას აპრილში დადებს.
ცნობილი გახდა, რომ კომისია არა მხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებსა და საწვავის ფასებზეც იმსჯელებს.