გორდულაძე: ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი ტყვია, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ, არარჩეულ ბიუროკრატიას, რომლებსაც, სამწუხაროდ, ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით
ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი ტყვია, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ, არარჩეულ ბიუროკრატიას, რომლებსაც, სამწუხაროდ, ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, ორმხრივი ხელშეკრულება არსებობს საქართველოს და ევროკავშირს შორის, რომელიც მოიცავს მთელ რიგ საკითხებს უვიზო მიმოსვლის შესახებ.
„სამართლებრივ ჭრილშიც რომ შევხედოთ, მთავარია, დაცულია, თუ არა ეს კონკრეტული მოთხოვნები, არის, თუ არა საკმარისად მკაცრი საქართველოს კანონმდებლობა, რომ უკანონო მიგრანტები არ იყვნენ საქართველოში და არ გახდეს საქართველო გამტარი უკანონო მიგრანტებისა ევროკავშირის მიმართულებით. ამ მიმართულებით ჩვენ უფრო მეტად გამკაცრებული გვაქვს კანონმდებლობა. სულ ცოტა ხნის წინ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო ჩვენი ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა.
აქ სამართალთან და ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები ნაკლებად არის, ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ გამოიყენონ სხვადასხვა მექანიზმი საზოგადოებაზე წნეხის მოსახდენად და შანტაჟის სხვადასხვა საცეცის გამოყენებით ქართულ საზოგადოებას მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რისი მიღებაც არ უნდა. 2003-2012 წლების დაბრუნება ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, რამდენიმე თვის წინ შეიცვალა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი, უფრო გამარტივდა და დამოკიდებული გახდა მხოლოდ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე.