გორდულაძე: რა დარჩა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“? მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოვლენების საქართველოში გადმოტანის ილუზია და გადმოტანაზე ოცნება
რა დარჩა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“? მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოვლენების საქართველოში გადმოტანის ილუზია და გადმოტანაზე ოცნება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, პრაგმატული და ცივსისხლიანი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, ამისთვის კი პრიორიტეტები სწორად უნდა განისაზღვროს.
„რა დარჩა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“? მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოვლენების საქართველოში გადმოტანის ილუზია და გადმოტანაზე ოცნება. ჯერ საუბრობდნენ, რომ მაიდანი უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, მერე მოეწონათ ნეპალში მიმდინარე მოვლენები, ახლა - ვენესუელის მოდელი.
ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ჩვენი სამშობლო არის საქართველო და მხოლოდ საქართველოში მიიღება საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.
მაშინ, როდესაც განსაკუთრებულად ტურბულენტური მოვლენები მიმდინარეობს საერთაშორისო მასშტაბით და იცვლება მთელი მსოფლიოს წესრიგი, რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამ მოვლენებში საქართველო რომ გადარჩეს, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისი მიზნის მიღწევა, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ამ საკითხს სჭირდება პრაგმატული და ცივსისხლიანი გადაწყვეტილებების მიღება და, მეორე მხრივ, მზარდი ეკონომიკა და, ეკონომიკის ზრდის ფონზე, ქართველი ხალხის სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა გორდულაძემ.